Chinesestories

ჩინური ფილოსოფიური სკოლების წარმოშობა

ჩინური ფილოსოფიური სკოლების წარმოშობა

ფილოსოფიური სკოლების წარმოშობა

წინა თავში ვახსენე, კონფუციზმი და ტაოიზმი ჩინური ფილოსოფიის ორი უმთავრესი მიმდინარეობაა. ისინი დროთა განმავლობაში განვითარდა და ჩამოყალიბდა მთავარ მიმდინარეობებად. ძვ.წ.აღ. V-III საუკუნეებში, კონფუციზმი და ტაოიზმი მხოლოდ მრავალ ფილოსოფიურ მიმდინარეობას შორის ორი იყო და ჯერ კიდევ არ ჰქონდათ დომინანტური პოზიცია. იმ პერიოდში ფილოსოფიური სკოლების სიმრავლის გამო, ჩინელები მათ ასს მიმდინარეობად მოიხსენიებენ.

    ს’მათანი და ექვსი სკოლა

მოგვიანებით ისტორიკოსები ცდილობდნენ  «ასი მიმდინარეობის» დაჯგუფებას. პირველი, ვინც ეს სცადა, იყო ს’მა თანი(司马谈 რომელიც ძვ.წ.აღ. 110 წელს გარდაიცვალა), ის ს’მა ციენის(司马迁 ჩვ.წ.აღ. 145–86) მამა იყო, ადამიანის რომელმაც «დიდი ისტორიკოსის ჩანაწერები» (史记)შემქნა. ამ წიგნის ბოლო თავში გამოყენებულია ს’მა თანის სტატია, სათაურით «ექვსი სკოლის განხილვა»(伦六家要旨). ამ თავმა ძველი, საუკუნეების წინანდელი, ფილოსოფოსები დაყო 6 მთავარ მიმდინარეობად, ესენია:
პირველი, ინისა და იანგის სკოლა. ისინი განიხილავენ სამყაროს შექმნის თეორიას, ინისა და იანგის სახელით. ჩინურ მსოფლმხედველობაში, ინი და იანგი სამყაროს ორი ფუნდამენტური საწყისი და პრინციპია. ჩინელებს სწამთ, ინისა და იანგის შერწყმით და ურთიერთქმედებით წარმოიშვა ყველანაირი ფენომენი სამყაროს ჩათვლით.
მეორე, ჟუს სკოლა, რომელიც დასავლურ ისტორიოგრაფიაში კონფუციზმად მოიხსენიება. მაგრამ იეროგლიფ -ჟუს მნიშვნელობა არის სწავლული, ამიტომ დასავლური სახელწოდება კონფუციზმი ან კონფუცის მიმდინარეობა არც ისე ზუსტია, რადგან ეს  უკანასკნელი სულაც არ გამოხატავს რომ მათი წევრები ყველანი სწავლულები ან მოაზროვნეები იყვნენ. მათ სხვებისგან სწორედ ის განასხვავებდათ, რომ ისინი იყვნენ უძველესი კულტურული მემკვიდრეობის მცველები, განმმარტებლები და მასწავლებლები. რაც შეეხება კონფუცს, ნამდვილად ამ მიმდინარეობის წინამძღოლი იყო, თუ ვიტყვით რომ დამაარსებელი იყო, ესეც სწორია. თუმცა «ჟუ» ეს სიტყვა არ განსაზღვრავს მხოლოდ კონფუცის მიმდინარეობას, ის უფრო ფართე ცნებაა.
მესამე, მოს სკოლაა, რომელიც მო წ’ს (墨子)წინამძღოლობის ქვეშ დახურული და მკაცრად დისციპლინირებული ორგანიზაცია იყო. მათი მიმდევრები საკუთარ თავს «მოელებად»(墨者) მოიხსენიებდნენ. ამიტომ ეს სახელი ს’მა თანის დარქმეული არ არის, სხვები კი მისი მოფიქრებულია.
მეოთხე, სახელების სკოლაა, რომლის წევრების ინტერესი სახელისა და საგნის რეალურ ბუნებას შორის ურთიერთობის კვლევა იყო.
მეხუთე, არის კანონების სკოლა, იეროგლიფ -ს მნიშვნელობა მეთოდი, კანონია. მათი შემქმნელები პოლიტიკოსების ჯგუფი იყო, რომელებიც მიიჩნევდნენ რომ კარგი პოლიტიკა  აუცილებლად სწორი კანონების საფუძველზე უნდა შექმნილიყო და არა როგორც კონფუციზმი ამბობდა _ მორალურ წეს-ჩვეულებებზე.
მეექვსე, ტაოიზმის სკოლაა. ამ მიმდინარეობის ხალხი თავიანთ სწავლებებსა და ფილოსოფიას ერთ მცნებას ტაოს უკავშირებდნენ. ტაო კონცენტრირებულია სამყაროს ბუნებრივ გზასა და წესრიგზე, ადამიანის ბუნებრივ მორალურ ხასიათზე კი   დე, რომელიც ინგლისურად ითარგმნება როგორც virtue, ყველაზე კარგი ახსნა კი არის ნებისმიერი არსების შიგნაგანი ძალა. ამ მიმართულებას ს’მა თანმა შეარქვა «ტაოდეძია», შემდეგში შემოკლებით «ტაოძია» ანუ ტაოიზმი. ამ წიგნის პირველ თავში უკვე განვიხილეთ განსხვავება ფილოსოფიურ ტაოიზმსა და ტაოისტურ რელიგიას შორის.

ლიუ სინი და მისი თეორია ფილოსოფიური სკოლების წარმოშობის შესახებ

«ასი სკოლის» (百家) კლასიფიკაციის მეორე მცდელობა ისტორიკოს ლიოუ სინს (刘歆 ძვ. წ. აღ. 46 — ახ. წ. 23) ეკუთვნის. თავის ეპოქაში ის ერთ-ერთი დიდი სწავლული იყო, მამასთან, ლიოუ სიანგთან(刘向)ერთად, იმპერატორის ბიბლიოთეკაში დაცული წიგნების აღწერით, რედაქტირებითა და სისტემატიზებით იყო დაკავებული. ამ სამუშაოს შედეგები განმარტებითი შენიშვნებით შეაჯამა ტრაქტატში «შვიდი სტრატეგია» (七略), შემდეგში პან გუმ(班固 ახ.წ. 32-96 წწ.) ის გამოიყენა «ხანშუს- ბიბლიოგრაფიული ტრაქტატის» საფუძვლად. საიდანაც ჩვენ შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ლიოუ სინი «ას მიმმდინარეობას»  ათ ძირითად სკოლად აჯგუფებს. მათ შორის ექვსი სკოლა ს’მათანის დაჯგუფებას ემთხვევა, დანარჩენი ოთხი კი არის: დიპლომატების, შერეული, აგრარული და მთხრობელების სკოლები. ლიოუ სინმა დაასკვნა: «ათი სკოლიდან, ობიექტურად ცხრა არის მხოლოდ», რითაც მიუთითებს რომ მთხრობელების სკოლა სხვა ცხრა სკოლის მსგავსად მნიშვნელოვნად არ მიაჩნია. 
ს’მა თანის კლასიფიკაციასთან შედარებით ეს დაყოფა მნიშვნელოვან წინგადადგმულ ნაბიჯად ვერ ჩაითვლება. ლიოუ სინის წვლილი არის ის, რომ მან სცადა სისტემურად აღედგინა თითოეული სკოლის ისტორიული წარმოშობა, და ეს მცდელობა იყო პირველი ჩინეთის ისტორიაში.
შემდეგომმა სწავლულებმა, განსაკუთრებით ჭანგ სუეჩენგმა(章学诚1738-1801), ჭანგ პინგლინგმა(章炳麟1869-1936) ნაწილობრივ განავრცეს ლიოუ სინის თეორია, რომლის მთავარი აზრია, რომ ჭოუს დინასტიის(ძვ.წ.აღ. 1122-225 წწ) სოციალური სისტემის დაშლამდე, სახელმწიფო მოხელეს და მასწავლებელს არ განასხვავებდნენ. სხვა სიტყვებით, სახელმწიფო აპარატის რომელიმე ჩინოვნიკი, იმავდროულად იყო თავის განყოფილებასთან დაკავშირებული თავისი დარგის ცოდნის გამზიარებელი. მათი სტატუსი მემკვიდრეობით გადადიოდა. ამიტომ მაშინ მხოლოდ ოფიციალური(სახელმწიფო) განათლება იყო ანუ სახელმწიფო მოხელეებზე დაქვემდებარებული განათლება, არ იყო კერძო სკოლები. ამიტომ მეცნიერების არც ერთი დარგის სწავლება არ შეიძლებოდა კერძო პირის სტატუსით. სწავლების უფლება მხოლოდ შესაბამის სახელმწიფო თანამდებობის პირს ჰქონდა.
ეს თეორია გვიყვება, ჭოუს დინასტიის შემდეგ რამდენიმე ასწლეულში სამეფო ოჯახმა დაკარგა ძალაუფლება, სახელმწიფო მოხელეებმაც დაკარგეს სტატუსი და ქვეყნის სხვადასხვა კუთხეში მიმოიფანტნენ. სწორედ ამ დროს მათ დაიწყეს კერძო პირის სტატუსით მათი პროფესიული ცოდნის გაზიარება. ამრიგად, ისინი აღარ იყვნენ სახელმწიფო მოხელეები და კერძო მასწავლებლებად იქცნენ. თითოეული სკოლა ამ ყოფილი სახელმწიფო მოხელეების სწავლებებით შეიქმნა და განვითარდა.
ლიოუ სინის სრული ანალიზი კი ესაა:
კონფუციანელთა სკოლა სათავეს განათლების საქმეთა მოხელის (司徒) ინსტიტუტიდან იღებს. ისინი საფუძვლიანად შეისწავლიდნენ ექვს კლასიკურ წიგნს, განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობდნენ კაცთმოყვარეობასა () და სამართლიანობას (), თავიანთ წინამორბედებად მიიჩნევდნენ იაოსა და შუნს, მაგალითად იღებდნენ ვენისა და უ-ს მმართველობას, ხოლო მოძღვრად ჭუნგნის იგივე კონფუცის აღიარებდნენ. ამიტომაც განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებდნენ საკუთარ მოძღვრებას და მიაჩნდათ, რომ იგი ჭეშმარიტებასთან ყველაზე ახლოს იდგა. კონფუცი ამბობდა: «თუ რაიმეს ვაქებ, ეს იმიტომ, რომ იგი გამოცდილებით არის დამტკიცებული.» თანგის ეპოქის აღმავლობა, ჭოუს აყვავება, აგრეთვე თავად კონფუცის საქმიანობა, სწორედ ამის დასტურია.
ტაოს სკოლა სათავეს ისტორიოგრაფთა (史官) ინსტიტუტიდან იღებს. ისინი აღრიცხავდნენ წარმატებასა და წარუმატებლობას, არსებობასა და დაცემას, ბედნიერებასა და უბედურებას, ძველისა და ახლის გამოცდილებას, რათა შეეცნოთ არსებითი და ძირეული პრინციპები. სიმშვიდესა და სიცარიელეს საკუთარი თავის დასაცავად იყენებდნენ, ხოლო თავმდაბლობასა და სისუსტეს — საკუთარი თავის სამართავად. სწორედ ეს იყო მათი ძლიერი მხარე.
ინისა და იანგის სკოლა სათავეს სი-ხეს (羲和) უწყებიდან იღებს. მათი საქმე იყო ზეცის ნების პატივისცემა, მზის, მთვარისა და ვარსკვლავების მოძრაობის დაკვირვება და ხალხისთვის წელიწადის დროებისა და კალენდრის განსაზღვრა. ეს მათი მთავარი ღირსება იყო.
კანონთა სკოლა სათავეს სამართლოს მოხელეთა (理官) ინსტიტუტიდან იღებს. ისინი მკაცრად იცავდნენ ჯილდოსა და სასჯელის პრინციპს, რათა რიტუალური წესრიგი გაემყარებინათ. ეს მათი ძლიერი მხარე იყო.
სახელთა სკოლა სათავეს რიტუალების საქმეთა მოხელეთა (礼官) ინსტიტუტიდან იღებს. ძველად თითოეულ სახელსა და წოდებას თავისი შესაბამისი რიტუალური ნორმა ჰქონდა. კონფუცი ამბობდა: «აუცილებელია სახელების გასწორება; თუ სახელები სწორი არ არის, სიტყვებიც ვერ იქნება მართებული, ხოლო თუ სიტყვები მართებული არ არის, საქმეც ვერ გაკეთდება.» ეს მათი მთავარი ღირსება იყო.
მოს სკოლა სათავეს წინაპართა ტაძრის მცველთა (清庙之守) ინსტიტუტიდან იღებს. ისინი უბრალოებასა და მომჭირნეობას აფასებდნენ; ხანდაზმულთა პატივისცემის საფუძველზე საყოველთაო სიყვარულს ქადაგებდნენ; ღირსეულ ადამიანებს არჩევდნენ; წინაპართა სულებს სცემდნენ პატივს; ბუნების კანონებს მიჰყვებოდნენ და ბედისწერის წინასწარგანსაზღვრულობას უარყოფდნენ; შვილობრივ ერთგულებას მთელი საზოგადოების საფუძვლად მიიჩნევდნენ. ეს მათი ძლიერი მხარე იყო.
დიპლომატთა (纵横家) სკოლა სათავეს ელჩთა (行人之官) ინსტიტუტიდან იღებს. კონფუცი ამბობდა: «თუ ვინმემ სამასი ლექსი ზეპირად იცის, მაგრამ ოთხივე მხარეს ელჩად გაგზავნისას დამოუკიდებლად პასუხის გაცემა არ შეუძლია, ამ ცოდნას რა ფასი აქვს?» ასევე ამბობდა: «ელჩი უნდა იყოს ნამდვილი ელჩი!» ეს ნიშნავს, რომ მან გარემოებების შესაბამისად უნდა იმოქმედოს და მმართველის ნება აღასრულოს. ეს იყო მათი ძლიერი მხარე.
შერეული სკოლა სათავეს მრჩეველთა (议官) ინსტიტუტიდან იღებს. ისინი აერთიანებდნენ კონფუციანელთა და მოს სკოლის იდეებს, ასევე სახელთა და კანონთა სკოლების სწავლებებს; ესმოდათ სახელმწიფოს მოწყობის სხვადასხვა მხარე და მმართველობის ერთიან პრინციპს ხედავდნენ. ეს იყო მათი მთავარი ღირსება.
აგრარული სკოლა სათავეს სოფლის მეურნეობის მოხელეთა (农稷之官) ინსტიტუტიდან იღებს. ისინი ხალხს მარცვლეულის მოყვანასა და მიწათმოქმედება-მეფუტკრეობას ასწავლიდნენ, რათა ტანსაცმლისა და საკვების სიუხვე უზრუნველეყოთ. ეს მათი ძლიერი მხარე იყო.
მოთხრობათა (小说家) სკოლა სათავეს დაბალი რანგის მემატიანეთა (稗官) ინსტიტუტიდან იღებს. მათი ნაწარმოებები ქუჩასა და ხეივანში გაგონილი საუბრებისა და ხმებისგან იქმნებოდა. თუ მათ შორის ერთი სასარგებლო აზრიც აღმოჩნდებოდა, ისიც უბრალო ხალხის გონივრულ რჩევად ითვლებოდა.
ეს არის ის, რასაც ლიოუ სინი ათი სკოლის წარმოშობასთან დაკავშირებით ამბობდა. მის მიერ თითოეული სკოლის მნიშვნელობის ახსნა არ არის სრულყოფილი, მის მიერ სკოლების სახელმწიფო მოხელეებთან დაკავშირებაც თვითნებურია. მაგალითად, ის აღწერს, რომ ტაოიზმის თეორია ლაოძის უკავშირდება და სრულიად უგულებელყოფს ჭუანგ წის. ასევე, სახელთა სკოლასა და რიტუალების უწყების (礼官) ფუნქციებს შორის არსებითი მსგავსება არ შეინიშნება, მხოლოდ ერთი რამით შეგვიძლია მივამსგავსოთ, ორივე ხაზს უსვამს განსხვავებებს.

კომენტარები