სტატიის ამ ნაწილშიც გამოყენებულია მხოლოდ და მხოლოდ ჩინური წყაროები, რომლებიც შეგიძლიათ იპოვოთ ჩინეთის ბიბლიოთეკებში. მიზანი კი გახლავთ, დაახლოებით შეგვექმნას წარმოდგენა როგორ წარმოაჩენს ჩინეთი ყველასთვის ცნობილ არასასიამოვნო ისტორიულ მონაკვეთს, რომელსაც „კულტურული რევოლუცია“ ეწოდება.
„წითელი მცველები“
„კულტურული რევოლუციის“ ერთ-ერთი მიზეზი შიდა პარტიული დაპირისპირება იყო, ეს იყო იდეალური საბაბი ძველი თანაპარტიელების გასაშავებლად და გზიდან ჩამოსაცილებლად. მაო ძედუნმა ამ რევოლუციაში გამოიყენა ახალგაზრდები, რომლებიც დააპირისპირა ძველ თაობასთან. ისინი ძირითადად სკოლების, უნივერსიტეტებისა და კოლეჯების მოსწავლეები და სტუდენტები იყვნენ, რომლებიც იქცნენ არამარტო „კულტურული რევოლუციის“ პროპაგანდისტებად, არამედ ერთ-ერთ მთავარ მამოძრავებელ ძალად.
ჯერ კიდევ 1966 წლის ივნისის დასაწყისში პეკინის საშუალო სკოლებში დაიწყო ე.წ. „წითელი მცველების“ ორგანიზება. 18 აგვისტოს ჯარისკაცის ფორმაში გამოწყობილმა მაომ, რომელსაც მკლავზე „წითელი მცველების“ სამკლავური ეკეთა, თიენანმენიდან მოუწოდა მათ მოძრაობისკენ და მხარდაჭერა განუცხადა. ეს მოძრაობა მალევე მთელ ქვეყანას მოედო. 5 სექტემბერს გამოაცხადეს, რომ ყველა მონაწილეს, ვინც პეკინში არ ცხოვრობდა ტრანსპორტისა და საცხოვრებლის ხარჯებს დაუფარავდნენ. ამ პერიოდში განათლების, მედიის, ხელოვნების, კომუნისტური პარტიის უამრავი წარმომადგენელი იწოდა „ბოროტმოქმედად“, „კაპიტალისტის მეკვლედ“, „ანტი-რევოლუციონერად“, მათ აკრიტიკებდნენ საჯაროდ, გამოყავდათ მოედნებზე სახალხოდ გასალანაძღად, ახდენდნენ მათი ქონების კონფესკაციას. გარდა ამისა ბევრი სტუდენტი თუ მოსწავლე რევიზიონისტებად შერაცხეს და ცემეს.
ისინი ანადგურებდნენ ყველაფერ ძველს, მათ შორის ხელოვნების თუ სხვა სფეროების ძვირფას ნიმუშებს. 1966 წლის სექტემბერში მოახდინეს 32 600 ოჯახის კონფესკაცია პეკინში, შანხაიში 23 აგვისტოდან 8 სექტემბრამდე 84 200 ოჯახის, თიენძინში კი 12 000-ზე მეტის. მთელი ქვეყნის მასშტაბით გაანადგურეს უამრავი ძველი მონასტერი, ტაძარი და სხვა ისტორიული ღირსშესანიშნაობა. მაგალითად, განსაკუთრებული დაცვის ქვეშ მყოფი 6 843 კულტურული ძეგლიდან დაზიანეს ან საერთოდ გაანადგურეს 4 922. ამ ყველაფერმა გამოიწვია საზოგადოების გაღიზიანება და ბევრ რეგიონში მოხდა ხალხსა და „წითელ მცველებს“ შორის შეტაკებები.
1967 წლის 19 იანვარს ჩენ პოტამ[1] და ძიანგ ცინგმა წამოიწყეს სახალხო განმათავისუფლებელი არმიის ხელმძღვანელის სიაო ხუას წინააღმდეგ მოქმედებები, ის დაადანაშაულეს „კულტურული რევოლუციის“ უგულებელყოფასა და რევოლუციის ლიდერების უპატივცემულობაში. რის შემდეგაც მოახდინეს მისი სახლის კონფესკაცია, მეუღლე აიყვანეს ტყვედ და დაიწყეს სახლის ჩხრეკა; არმიასთან სტაბილური ურთიერთობის შენარჩუნების მიზნით, მაო ძედუნმა არ გასცა თანხმობა ამ ყველაფერზე და ჭოუ ენლაის უბრძანა ამ პრობლემის მშვიდობიანი მოგვარება. მართლაც, ამ ამბავს მოყვა არმიის გენერლების განრისხება და შეწინააღმდეგება, 11 და 16 თებერვალს გაიმართა კონფერენციები, რომლებზეც ცხარე კამათი მიდიოდა ვეტერან პარტიის წევრებსა და ახალგაზრდებს შორის. განსაკუთრებული კრიტიკით და წინააღმდეგობით გამოირჩეოდნენ არმიის წარმომადგენლები, რომლებიც აკრიტიკბდნენ ყველა სფეროში არეულობის გამოწვევას, ხოლო ჩენ პოტა და ძიანგ ცინგი კრიტიკის ქარ-ცეცხლში მოექცნენ. მაო ძედუნმა კი ამჯერადაც ქანგ შენგს, ძიანგ ცინგსა და სხვა ახალგაზრდებს დაუჭირა მხარი.
1967 წლის 6 მარტიდან დაიწყო „მოღალატეების“ დაჭერა, ამ მოძრაობის ლიდერები იყვნენ ლინ პიაო, ძიანგ ცინგი და სხვები, მსხვერპლნი კი გახდნენ ვეტერანი კომუნისტები, რომლებიც ერთდროს სოციალისტური იდეით მაოსთან ერთად იბრძოდნენ კუომინტანგელების წინააღმდეგ, ზოგი მათგანი „ჯაშუშად“ და „გამყიდველად“ შერაცხეს, ზოგი სიკვდილამდე სცემეს, ზოგიც მოკლეს, ამ ამბავს ესხვერპლნენ ლიოუ შაოცი და ჭოუ ენლაიც კი გარკვეულ დონეზე.

ძიანგ ცინგსა და ჭოუ ენლაის შორის ჩუმი დაპირისპირება მას შემდეგ უფრო დაიძაბა, რაც ჭოუ ენლაიმ რამდენიმე ადამიანი დაიცვა „ოთხეულის ბანდისგან“, მათ შორის ჩენ ი, ხე ლუნგი და ტენგ სიაოფინგიც, ამ უკანასკნელში ჭოუ ჩინეთის ეკონომიკის გადამრჩენელს ხედავდა. 1967 წლის 17 მაისს ძიანგ ცინგმა ლინ პიაოს, ჭოუ ენლაისა და ქანგ შენგს გადასცა წერილი, თანაც დაამატა, რომ აღმოაჩინა ანტი-კომუნისტური შემთხვევა, რომელიც იწყებოდა შემდეგნაირად „ჭოუ...“, ამ წერილს თან ახლდა 30-იან წლებში კუომინტანგის მთავრობის დროს გაზეთში გამოქვეყნებული სტატია ჭოუ ენლაიზე თავდასხმის მცდელობის შესახებ.
თუმცა ეს იყო გაყალბებული სტატია, რადგანაც ამ პერიოდში, როცა „თავდასხმა მოხდა“ ჭოუ შანხაიში საერთოდ არ იმყოფებოდა. 1931 წლის აპრილში ღალატში გამოიჭირეს კომუნისტური პარტიის პოლიტიკური ბიუროს წევრი, 6 თვის შემდეგ მთავარი მდივანის ღალატი გახდა ცნობილი, ჭოუ ენლაი კი პასუხისმეგებელი იყო პარტიის დასაცავად სხვადასხვა ზომები მიიღო. 1931 წლის ბოლოს კი ის შანხაიდან პროვინცია ძიანგსის ქალაქ ჟუეიძინში გაემგზავრა. ეს სტატია კი 1932 წლის თებერვალში გამოქვეყნდა. ეს ფაქტი, რა თქმა უნდა, ცნობილი იყო მაოსთვისაც, მაგრამ ძიანგ ცინგმა ამ სტატიის ჭოუ ენლაის დასამხობად გამოყენება მაინც სცადა. 19 მაისს ჭოუმ მაოს გაუგზავნა წერილი და თან დაურთო ისტორიული ფაქტები, რომელშიც წერდა რომ ეს ამბავი მოხდა 1932 წლის თებერვალში, როცა თავად შანხაიში არც კი იმყოფებოდა და 1967 წელს გამოჩნდა ადამიანი ვინც ცდილობს მაოს მის წინააღმდეგ ამხედრებას. 1968 წლის 6 იანვარს მაომ უპასუხა, რომ ეს საქმე უკვე დიდი ხანია ამოხსნილი და გაყალბებული იყო. შესაბამისად, ჭოუ ენლაის შემთხვევაში ძიანგ ცინგის მცედლობამ ვერ გაამართლა და მაომ ჭოუს დაუჭირა მხარი.
თუმცა „ოთხეულის ბანდის“ მსგავსმა მიდგომამ გაამართლა ლიოუ შაოცის შემთხვევაში. ლიოუ შაოცი დევნის მსხვერპლი გახდა, რადგან ის მაო ძედუნის მემკვიდრე იყო, ეს ადგილი კი ლინ პიაოსთვის უნდოდათ. ჯერ იდევ 1966 წლის 18 დეკემბერს ძიანგ ცინგის, ქანგ შენგისა და სიე ფუს მეთაურობით შეიქმნა ჯგუფი, რომელიც აწარმოებდა ლიოუ შაოცის შესახებ საიდუმლო კვლევას. მათ ერთი მხრივ გააყალბეს და თავიდან შექმნეს ლიოუს „ღალატის“ დამამტკიცებელი დოკუმენტები, მეორე მხრივ ლიოუს ნაცნობებზე ზეწოლით მოიპოვეს „მოწმეები“. შემდეგ, 1967 წლის მარტში ქანგ შენგმა ცენტრალურ კომუნისტურ პარტიას გადასცა წერილი, რომელშიც ლიოუ შაოცის ადანაშაულებდნენ ღალატში. 21 მარტს პარტიამ გამოსცა ბრძანება ლიოუს დაკავებისა და მასალის დეტალურად შემოწმებისა. მალევე გაზეთები გაივსო ლიოუ შაოცის კრიტიკითა და ლანძღვით, მას უწოდებდნენ მოღალატეს, იმპერიალისტს, გამყიდველს, ანტი-რევოლუციონერს, „ჩვენს გვერდით მძინარე ხრუშოვს“, „ჩინელ ხრუშოვს“ და ა.შ. მიუხედავად იმისა, რომ ამ პერიოდში ლიოუ ჩინეთის თავმჯდომარე (პრეზიდენტი) და კომუნისტური პარტიის ცენტრალური პოლიტიკის ბიუროს წევრი იყო, თავის დაცვის უფლება მაინც არ ჰქონდა. 1968 წლის სექტემბერში გამოქვეყნდა ე.წ. „ლიოუ შაოცის ღალატთან დაკავშირებული ანგარიში“, რომელშიც მიუთითებდნენ მის მოღალატეობრივ ქმედებებზე 1925, 1927 და 1929 წლებში.
1925 წლის ზამთარში ლიოუ შაოცი ქალაქ ჩანგშაში დაიჭირეს, თუმცა რეალურად არ არსებობს ფაქტი მის მიერ კომუნისტების ღალატის შესახებ. ის შანხაიდან ჩანგშაში დაბრუნდა ავადმყოფობის გამო, რომელიც საქვეყნოდ ცნობილი იყო, თუმცა იქ მხედართმთავრების ერთ-ერთმა წარმომადგენელმა დაიჭირა, მოგვიანებით ლიოუს გათავისუფლება მოითხოვეს ადგილობრივმა სტუდენტებმა, კუომინტანგის მთავრობის ეროვნულ კონგრესზეც კი მიიღეს გადაწყვეტილება მისი გათავისუფლება მოეთხოვათ მხედართმთავრებისგან, ლიოუ მართლაც გაათავისუფლეს და კუანგჭოუში გაემგზავრა, სადაც მას გმირადაც კი მოიხსენიებდნენ.
1929 წელს ლიოუ მეორედ დაიჭირეს, ამ დროისთვის ის მანჯურიის კომუნისტური პარტიის პროვინციული კომიტეტის მდივანი იყო, თუმცა მის წინააღმდეგ მტკიცებულების არ არსებობის გამო მალევე გაათავისუფლეს. მაშინ ის დაკავებული იყო მენ იუნგთის(孟用潜) ყალბი ბრალდებით, ამის შემდეგ მენმა მის დასაცავდ 20-ზე მეტი ახალი წერილი შეიტანა სასამართლოში, ძიანგმა ამჯერად სწორედ ის ყალბი წერილი გამოიყენა. ხოლო 1927 წლის ღალატის მტკიცებულებად იქცა ტინგ ძუეცუნის(丁洁群) ბრალდება, რომელიც 1927 წელს ქალაქ ხანქოუს კუომინტანგის აღმასრულებელი კომიტეტის წევრი და მუშათა განყოფილების უფროსი იყო. 1967 წლის ზაფხულში ის დაცვის ქვეშ აიყვანეს და აიძულეს ყალბი ჩვენება მიეცა ლიოუს წინააღმდეგ. 1968 წელს ლიოუ პარტიიდან გარიცხეს, დააკავეს და ის 1969 წელს გაურკვეველ ვითარებაში ავადმყოფობით გარდაიცვალა.
ლინ პიაოს დასასრული
1968 წლის 13 ოქტომბერს გამართულ მერვე სხდომაზე მაომ ახსენა რომ კულტურული რევოლუცია დაახლოებით 3 წელში უნდა დასრულებულიყო, თუმცა მოვლენები სხვაგვარად განვითარდა. 1969 წლის 1 აპრილიდან 24 აპრილამდე გაიმართა სრულიად ჩინეთის კომუნისტური პარტიის წარმომადგენლთა მეცხრე კონფერენცია, რომლის შემდეგაც მოძრაობა „ბრძოლა, კრიტიკა, ცვლილება“ მთელს ქვეყანაში დაიწყო.
ამ მოძრაობის ნაწილი იყო ე.წ. „კლასობრივი წმენდა“, რაც ნიშნავდა გაეწმინდათ ქვეყანა მოღალატეების, საიდუმლო აგენტების, კაპიტალისზმის მიმდევრების, მიწათმფლობელების, მდიდარი გლეხების, კაპიტალისტების, ანტი-რევოლუციონერების, ცუდი ელემენტების, მემარჯვენე ელემენტების და სხვათაგან. ამ „კლასობრივი წმენდით“ უნდა მოეშორებინათ „კლასობრივი მტრები“, თუმცა კონკრეტულად რას ან როგორ პიროვნებას გულისხმობდა „კლასობრივი მტერი“ არ იყო განხილული, რამაც თავისთავად კიდევ უფრო დიდი უბედურება მოიტანა ქვეყნისთვის, „იწმინდებოდნენ“ არამარტო ისინი, ვინც უნდა „გაწმენდილიყვნენ“, არამედ ისინიც, ვინც შეიძლებოდა პირადი ინტერესის გამო ყოფილიყო მიუღებელი. თავად პარტიის წარმომადგენლების 75%-იც კი შევიწროვდა ან ემსხვერპლა ამ მოძრაობას, რომელმაც სერიოზული დარტყმა მიაყენა ჩინეთის მოსახლეობას.
„კლასობრივი წმენდის“ პარალელურად დაიწყო მასშტაბური მოძრაობა „16 მაისის კონტრევოლუციური ჯგუფის შემოწმება“, მისი წევრები პეკინელი „წითელი მცველები“ იყვნენ. რომლის მანიპულატორებად მოგვიანებით ჩენ პოტა და ლინ პიაო დასახელდნენ.
მეცხრე კონფერენციის შემდეგ დაიწყო კონსტიტუციის შეცვლის განხილვა, მაო ძედუნმა გამოთქვა მოსაზრება, რომ გაემართათ სრულიად მოსახლეობის წარმომადგენლთა მეოთხე კონფერენცია და კონსტიტუციის შეცვლა განეხილათ. რომლისთვისაც მთავრობამ ჩამოაყალიბა პატარა ჯგუფი, შემდეგი წევრებით : ქანგ შენგი, ჭანგ ჩუნციაო, უ ფასიენი და ძი ტენგქუეი.[2]
ლინ პიაომ და თავისმა გუნდმა ეს მეოთხე კონფერენცია მიიღეს, როგორც გადატრიალებისა და ძალაუფლების ხელში ჩაგდების შესანიშნავი შესაძლებლობა. როგორც უკვე ვახსენე, ლინი თანდათანობით დაუახლოვდა მაოს, შესაბამისად მისი ძალაუფლებაც და პოზიციაც თანდათანაობით იზრდებოდა, მან ჩააანაცვლა ლიოუ შაოციც კი და გახდა მაოს „მემკვიდრე“, თუმცა ეს არ აღმოჩნდა მისთვის საკმარისი. მან თავის გუნდთან ერთად დაიწყო მაოს ჩამოგდების დაგეგმვა. ლინ პიაოს პარალელურად, ძალაუფლება და მაოს ნდობას მოპოვებული ჰქონდა ძიანგ ცინგსა და მის გუნდს, რომელთანაც თავიდან ლინ პიაოს კარგი ურთიერთობა ჰქონდა, თუმცა თანდათან მოწინააღმდეგეებად გადაიქცნენ. ლინ პიაო შიშობდა, რომ ძიანგ ცინგის წარმატებას შეეძლო მისი „მემკვიდრეობის“ საკითხის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება. შესაძლოა, სწორედ ამ საფრთხის თავიდან აცილების გამო შეიმუშავა ლინმა ამდენი „გეგმა“.

ლინ პიაომ შეცდომების დაშვება დაიწყო მაშინ, როცა მაო ძედუნისა და პარტიის წევრების უმრავლესობის აზრს დაუპირისპირდა სახელმწიფოს თავმჯდომარის/პრეზიდენტის საკითხზე. ის აქებდა და ადიდებდა მაოს და ამბობდა, რომ მაო უნდა ყოფილიყო პრეზიდენტი და კონსტიტუციაში უნდა შეეტანათ მსგავსი ცვლილება და მან მისცა კიდეც თავის გუნდს უფლება ახალი კონსტიტუციის შემუშავებისას შეეტანათ მასში „ქვეყნის პრეზიდენტის“ თავიც.
1970 წლის 23 აგვისტოს სხდომაზე ლინმა კვლავ განაგრძო მაოს დიდება, შემდეგ გადასცეს მაოს მათ მიერ შემუშავებული კონსტიტუციის გეგმა. ამის შემდეგ ლინ პიაომ და თავისმა გუნდმა ჩენ პოტას მეთაურობით სხვადასხვა პროვინციებში გამართულ შეკრებებზე წარმოთქვეს ლინის სიტყვები, რომ მაო არის გენიოსი და ა.შ., ჩენმა ასვე გამოიყენა მარქსისა და ლენინის სიტყვები თავის გამოსვლებში. პარალელურად აფერხებდნენ ძიანგ ცინგსა და მის გუნდს, რაც მაოსთან გაასაჩივრა ძიანგ ცინგმა. რამდენიმე დღეში კი მაო ძედუნმა დაიწყო ჩენ პოტას კრიტიკა, რომ ის არასწორად იყენებდა მარქსისა და ლენინის მაგალითებს, არ იცნობდა ნამდვილ მარქსიზმს და სხვა, მის კრიტიკაში მოყვა უ ფასიენიც, თუმცა არა ლინ პიაო. მაოს მიერ ძიანგის თითქოს უფრო მეტმა მხარდაჭერამ, კიდევ უფრო ააჩქარა ლინ პიაოს გეგმები. მაომ ლინ პიაო არ გააკრიტიკა, მაგრამ დაიწყო მისი შემოწმება და კონტროლი.
16 ნოემბერს ცენტრალურმა კომიტეტმა გამოსცა ბრძანება ჩენ პოტას ანტი-პარტიულობის შესახებ, რომლის მთავარ დანაშაულადაც მიიჩნეოდა, რომ ის ატყუებდა ამხანაგებს და ემზადებოდა მოულოდნელი თავდასხმისთვის. ლინ პიაოს შემოწმება-კონტროლის შემდეგ, მაო დაეჭვდა მის ქმედებებზე და გარკვეულ ზომებს მიმართა. 1971 წლის შუა აგვისტოში ლინს შეატყობინეს მომავალი სხდომის შესახებ, რომელზეც მაომ გააკრიტიკა ლინ პიაო და მისი გუნდი, მან თქვა: „პარტიაში არიან ადამიანები, რომლებსაც პრეზიდენტობა სურთ, მათი მიზანია დაანაწევრონ პარტია და ხელში ჩაიგდონ ძალაუფლება.“[3]
ამის შემდეგ ლინ პაიომ გადაწყვიტა, რომ თავდასხმა იყო საუკეთესო გამოსავალი. მათ შანხაი-სუჭოუს სარკინიგზო გზაზე დაამონტაჟეს ასაფეთქებელი მოწყობილობები, ასევე მოემზადნენ საჰაერო შტურმისთვის, რათა გაენადგურებინათ ის მატარებელი, რომელშიც მაო იჯდებოდა და მოეკლათ ის. ამავდროულად, ლინი და თავისი რამდენიმე თანამებრძოლი გაიქცა ქალაქ კუანგჭოუში მთავარი დარტყმის მოსამზადებლად. 3 სექტემბერს მაო ქალაქ ხანგჭოუში ჩავიდა და თვის ბოლომდე იქ გაჩერებას გეგმავდა, თუმცა როცა საფრთხის შესახებ შეიტყო, მაშინვე განგაში ატეხა. 8 სექტემბრის ღამეს სპეციალური მატარებლით წავიდა შანხაიში, 11 სექტემბერს კი დატოვა შანხაი და პეკინში გაემგზავრა. იქედან კი მანქანით გააგრძელა გზა. 12 სექტემბერს ღამის 23:00 საათზე ჭოუ ენლაის შეატყობინეს რომ ლინ პიაო, იე ცუნი და ლინ ლიკუო თვითმფრინავით გეგმავდნენ გაქცევას, მაომ გასცა „მთელი ქვეყნის მასშტაბით თვითმფრინავების არ აფრენის ბრძანება“, მიუხედავად ამისა მათ მოახერხეს აფრენა და 01:55 წუთზე მონღოლეთის საზღვრი გადალახეს, მაგრამ თვითმფრინავს ცეცხლი გაუჩნდა, ლინ პიაო, იე ცუნი, ლინ ლიკუო და რამდენიმე ადამიანი გარდაიცვალა. ეკიპაჟის რამდენიმე წევრმა თავი მოიკლა, ვინც გადარჩა დაიჭირეს.
ლინ პიაოს სიკვდილი დაადასტურა მონღოლეთში არსებულმა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საელჩომ, რომელიც აღწერდა, რომ საელჩოს წევრები თავად მივიდნენ შემთხვევის ადგილას და შეამოწმეს იქაურობა, ასევე გადაიღეს ფოტოები და გამოაგზავნეს ჩინეთში დასტურად. გარდა ამისა ამას მოწმობს საბჭოური წყაროებიც, დასავლეთში კი დადიოდა ხმა, რომ ლინ პიაო და ის ორი პიროვნება სულაც არ იმყოფებოდა თვითმფრინავში. მაგრამ ამ უკანასკნელს ჩინეთის მხარე კატეგორიულად უარყოფს და ამტკიცებს, რომ ისინი უბედურ შემთხვევას ემსხვერპლნენ.
„ოთხეულის ბანდა“
1974 წლის იანვრიდან მაოს ინიციატივით დაიწყო „ლინისა და კონფუცის კრიტიკა“, კონფუცისა და მისი მოძღვრებების კრიტიკა პირველი შემთხვევა არ იყო ჩინეთის ისტორიაში, 1919 წელს "5 მაისის მოძრაობის" დროსაც აკრიტიკებდნენ მას. ამ ეტაპზე კი კონფუცის კრიტიკა ლინ პიაოს მიერ მისი მოძღვრებების გამოყენებამ გამოიწვია. ამ მოძრაობას ძრითადად ძიანგ ცინგის მეთაურობით ე.წ. „ოთხეულის ბანდა“ უძღოდა წინ. ისინი შეეცადნენ კრიტიკაში გაერიათ არამარტო ლინ პიაო და მისი გუნდი, არამედ ჭოუ ენლაი, შემდეგ კი ტენგ სიოაფინგი. 1974 წლიდან კი თავად გახდნენ მაოს კრიტიკის მსხვერპლნი.
1975 წლის აპრილში „ოთხეულის ბანდამ“ წამოიწყო ქონების კრიტიკა, რომელშიც პარტიის ბევრი წევრი მოჰყვა. თავად ეს „ოთხეულიც“ გამოირჩეოდა სიმდიდრით, ქონების კრიტიკის მთავარი მიზანი ტენგ სიაოფინგის დასუსტება იყო. მაგრამ 14 აპრილს მაოსა და ტენგის შეხვედრის შემდეგ, მაომ აღიარა რომ მათი მიმართულება სარისკო იყო და 23 აპრილს გამოაქვეყნა წერილი, რომელშიც აკრიტიკებდა „ოთხეულს“ და ძიანგ ცინგის შეცდომაზე მიუთითებდა. 27 მაისსა და 3 ივნისს კი გაიმართა ცენტრალური პოლიტიკის კონფერენცია ტენგ სიაოფინგის ხელმძღვანელობით, რომლის ძრითადი თემა „ოთხეულის ბანდის“ კრიტიკა იყო. მაგრამ წლის ბოლოს მაოს კრიტიკაში ტენგი მაინც მოყვა. აქვე ხაზგასასმელია ფაქტი, მიუხედავად მაოს ძლიერი ავადმყოფობისა, მის გარდაცვალებამდე მის გარეშე მაინც ვერავინ იღებდა გადაწყვეტილებებს პარტიაში.
„ოთხეულის ბანდა“ მაქსიმალურად იყენებდა ბეჭდურ მედიას ტენგის სახელის ამოსასვრელად, თავად ძიანგ ცინგს კი როგორც ჩანს, მმართველად დარჩენის ამბიციები ამოძრავებდა, ის ამბობდა, რომ მას უ წეთიენსაც კი ამსაგავსებდა ბევრი უცხოელი თუ ადგილობრივი.
1976 წლის 8 იანვარს გარდაიცვალა ჩინეთის კომუნისტური პარტიის, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ლიდერი, ჩინეთის სახალხო განმათავისუფლებელი არმიის ერთ-ერთი დაამაარსებელი, ჩინეთის მნიშვნელოვანი რევოლუციონერი, პოლიტიკოსი, მებრძოლი და ელჩი ჭოუ ენლაი. მისი გარდაცვალების შემდეგ მაომ პრემიერ მინისტრად ხუა კუოფენგი[4] აირჩია. ჭოუ ენლაის დაკრძალვის დროს, ძიანგ ცინგისა და მისი თანაგუნდელების მოქმედებებმა ჭოუ ენლაის დაკრძალვის პერიოდში ხალხი მწყობრიდან გამოიყვანა. ისინი ხელს უშლიდნენ ხალხს ჭოუს დატირებაში და ცდილობდნენ ამ ცერემონიალის შესახებ ინფორმაციის დაბლოკვასაც, რათა ხალხი არ დასწრებოდა მას, საბოლოოდ, მათ გამოიწვიეს ხალხის განრისხება და ქალაქ ნანძინგიდან სტუდენტების ინიციატივით დაიწყო საპროტესტო აქციები „ოთხეულის ბანდის“ წინააღმდეგ. აქციებმა მარტის ბოლოსთვის ჩინეთის თითქმის ყველა დიდი ქალაქი მოიცვა.
4 აპრლის, ცინმინგის დღესასწაულზე, პეკინში თიენანმენის მოედანზე 2 მილიონამდე ადამიანი იყო შეკრებილი გასაპროტესტებლად. მათ იქ ჭოუ ენლაის პატივსაცემად ყვავილები მიიტანეს, თუმცა 5 აპრილს დილით პოლიციამ ამ ყვავილების ალაგება დაიწყო, რასაც ხალხსა და პოლიციას შორის შეტაკებაც მოჰყვა. „ოთხეულის ბანდა“ ამ ყველაფერს აფასებდა, როგორც ანტი-რევოლუციურ მოქმედებას და სწორედ ასეთი სახით ავრცელებდა ინფორმაციას ბეჭდურ მედიაში.
7 აპრილს მაოს მოახსენეს არსებული მდგომარეობის შესახებ, საღამოსვე გაიმართა სხდომა ამ პრობლემის მოსაგვარებლად. ეს აქციები ტენგ სიაოფინგს დაუკავშირეს, ამ მიზეზით ის გაათავისუფლეს ყველა თანამდებობიდან, თუმცა არ გარიცხეს პარტიდან. მეორე დღეს კი დაიწყეს აქციის მონაწილეების დაშლა და დაჭერა. აქციების ჩახშობიდან მალევე, 28 ივლისს ხეპეის პროვინციაში მოხდა 7.8 ბალიანი მიწისძვრა, რომელსაც 242 769 ადამიანი ემსხვერპლა და დაშავდა 164 851, ეს იყო ერთ-ერთი უძლიერესი მიწისძვრა ჩინეთის ისტორიაში და ძალიან ბევრი ადამიანი დააზარალა, თუმცა ამ დროს „ოთხეულის ბანდა“ ისევ განაგრძობდა ტენგ სიაოფინგის კრიტიკას და მასზე კაპიტალისტის ძახილით მიწის ძვრის ზარალის გადაფარვას, რამაც კიდევ უფრო გააღიზიანა და აგრესიული გახადა მოსახლეობა უკვე არა მარტო ამ ოთხეულის, არამედ მთლიანად მთავრობის მიმართაც.
მალევე, 1976 წლის 9 სექტემბრეს ჩინეთის უმნიშვნელოვანესი მარქსისტი, რევოლუციონერი, სტრატეგი, თეორიტიკოსი, ჩინეთის კომუნისტური პარტიის, ჩინეთის სახალხო განმათავისუფლებელი არმიისა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მნიშვნელოვანი დამაარსებელი და ლიდერი მაო ძედუნი გარდაიცვალა. მთელი ქვეყნის მასშტაბით გამოცხადდა 10 დღიანი გლოვა. „ოთხეულმა“ კი დრო იხელთა ხელისუფლების ხელში ჩასაგდებად. ჯერ კიდევ აგვისტოში, მაოს ძლიერი ავადმყოფობის დროს, მათ შანხაიში დაიწყეს მზადება, მოიმარაგეს ცეცხლსასროლი და ასაფეთქებელი მოწყობილობები, შეიმუშავეს საიდუმლო გეგმა. მაოს გარდაცვალების მეორე დღეს მათ უკვე დაარიგეს 6 მილიონი იარაღი და 15 000 ასაფეთქებელი მოწყობილობა და ემზადებოდნენ ძალის გამოყენებით ქვეყნის სათავეში მოსასვლელად.
11 სექტემბერს ვანგ ხუნგვენმა[5] მთელი ქვეყნის მასშტაბით ყველა პროვინციას, ქალაქსა თუ ავტონომიურ რეგიონს შეატყობინა მზად ყოფნის შესახებ. ცინგხუას და პეკინი უნივერსიტეტებს, სინხუას საზოგადოებასა და სხვებს დაუგზავნა წერილები, რომლებშიც აცხადებდა, რომ ძიანგ ცინგი ხდებოდა ჩინეთის კომუნისტური პარტიისა და არმიის თავმჯდომარე. ძიანგ ცინგი მართლაც ემზადებოდა ამ პოსტის დასაკავებლად, იმდენად რომ უკვე საცერემონიო ტანსაცმელიც კი ჰქონდა გამზადებული.
ამ ამბების ფონზე ხუა კუოფენგმა 21 სექტემბერს ჯერ ლი სიენნიენთან განიხილა „ოთხეულის“ პრობლემა და გაგზავნა ის იე ძიენინგთან[6] მოსალაპარაკებლად. ოქტომბრის დასაწყისში კი ჩინეთის ცენტრალურმა კომუნისტურმა პარტიამ მიიღო „ოთხეულის“ პრობლემის საბოლოოდ მოგვარების გადაწყვეტილება. 6 ოქტომბერს დააკავეს ჭანგ ჩუნციაო, ვანგ ხუნგვენი და იაო ვენიუენი, ხოლო ძიანგ ცინგს სახლში მიაკითხეს. ისინი ცალ-ცალკე კამერებში განათავსეს და დაიწყეს მათი დაკითხვა, ნახევარ საათში ძიანგ ცინგის გუნდი გატეხეს. იმავდროულად ყველა მათ მიერ კონტროლირებად რადიოში, ტელევიზიასა თუ ბეჭდურ მედიაში გაგზავნეს ხალხი და იაყვანეს კონტროლზე.
შანხაიში „ოთხეულის“ ხალხმა წინააღმდეგობის გაწევა გადაწყვიტა, თუმცა მათი ამბოხიც მალევე ჩაახშო პარტიამ. 14 ოქტომბერს კი გამოაცხადეს „ოთხეულის“ განადგურების შესახებ, რასაც მოსახლეობაც კი დიდი სიხარულით შეხვდა.
გამოყენებული ლიტერატურა:
席宣、金春明:《”文化大革命”间史》,1996.
张化、苏菜青:《回首文革——中国十年文革分析与反思(1966-1976上下)》,2014.
学庆超:《历史的见证——“文革“的终结》,2018.
林小波、郭德宏:《文革的预演——“四清”运动始末》,2023.
[1] 陈伯达- ჩენ პოტა იყო ცენტრალური კულტურული რევოლუციის ჯგუფის ხელმძღვანელი, კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის პოლიტიკური ბიუროს მუდმივ წევრი.
[2]张春桥-ჭანგ ჩუნციაო „კულტურული რევოლუციის“ პერიოდში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მნიშვნელოვანი პოლიტიკური მოღვაწე, იგი იყო ჩინეთის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის პოლიტიკური ბიუროს მუდმივი კომიტეტის წევრი, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს ვიცე-პრემიერი, პარტიის ცენტრალური სამხედრო კომიტეტის მუდმივი წევრი და ჩინეთის სახალხო განმათავისუფლებელი არმიის გენერალური პოლიტიკური განყოფილების დირექტორი. ჭანგი იყო „ოთხეულის ბანდის“ ერთ-ერთი წევრი. მაო ძედუნის გარდაცვალების შემდეგ იგი დააპატიმრეს.
吴法宪- უ ფასიენი ჩინეთის სახალხო განმათავისუფლებელი არმიის საჰაერო ძალების გენერალი. „კულტურული რევოლუციის“ დროს მნიშვნელოვან როლს თამაშობდა, განსაკუთრებით არმიაში, ამავეე პერიოდში დაწინაურდა არმიის გენშტაბის მოადგილედ და „სამხედრო კომისიის საორგანიზაციო ჯგუფის“ ვიცე-ხელმძღვანელად. მოგვიანებით დააპატიმრეს „ოთხეულის ბანდასთან“ კავშირის გამო.
纪登奎- ძი ტენგქუეი ჩინეთის პოლიტიკური ფიგურა „კულტურული რევოლუციის“ პერიოდში. იყო ჩინეთის კომუნისტური პარტიის მე-10 და მე-11 მოწვევის პოლიტიკური ბიუროს წევრი,სარგებლობდა მაოს მფარველობით, მისი გარდაცვალების შემდეგ მონაწილეობა მიიღო „ოთხეულის ბანდის“ წმენდაში, თუმცა ტენგ სიაოფინგის მოსვლის შემდეგ პოლიტიკას ჩამოაშორეს.
[3] 《”文化大革命”间史》、席宣、金春明,218.
[4] 华国锋 - ხუა კუოფენგმა ჭოუ ენლაისა და მაო ძედუნის გარდაცვალების შემდეგ თანმიმდევრობით დაიკავა მათი თანამდებობები და დღემდე რჩება ერთადერთ ლიდერად, რომელმაც ერთდროულად ჩაიბარა ჩინეთის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის, ცენტრალური სახალხო მთავრობის (სახელმწიფო საბჭოს) და ცენტრალური სამხედრო კომიტეტის უმაღლესი ხელმძღვანელობა — ანუ პარტიის, მთავრობისა და არმიის უმაღლესი თანამდებობები.
[5] 王洪文-ვანგ ხუნგვენი „კულტურული რევოლუციის“ პერიოდის მნიშვნელოვანი ჩინელი კომუნისტი პოლიტიკოსი იყო, „ოთხეულის ბანდის“ ერთ-ერთი წევრი და ასევე „მუშათა ამბოხებული ფრთის“ წარმომადგენელი. იგი იკავებდა არაერთ მნიშვნელოვან თანამდებობას, მათ შორის: ჩინეთის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, პოლიტიკური ბიუროს მუდმივი კომიტეტის წევრი და ცენტრალური სამხედრო კომიტეტის მუდმივი წევრი.