სტატიაში გამოყენებულია მხოლოდ და მხოლოდ ჩინური წყაროები, რომლებიც შეგიძლიათ იპოვოთ ჩინეთის ბიბლიოთეკებში. მიზანი კი გახლავთ, დაახლოებით შეგვექმნას წარმოდგენა როგორ წარმოაჩენს ჩინეთი ყველასთვის ცნობილ არასასიამოვნო ისტორიულ მონაკვეთს, რომელსაც „კულტურული რევოლუცია“ ეწოდება.
1966 წელს ჩინეთში დაიწყო „კულტურული რევოლუცია“, რომელიც ათი წელი გაგრძელდა და ეს ათი წელი იყო ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ყველაზე უარყოფითი და უბედური ათი წელი ჩინელი მოსახლეობისთვის. რევოლუციამ დასაწყისიდანვე მოიტანა დიდი არეულობა და ქაოსი. „კულტურული რევოლუცია“ პირადად მაო ძედუნის და ჩინეთის კომუნისტური პარტიის ლიდერების ინიციატივა იყო, რომელიც შთაგონებული იყო „პროლეტარიატის დიქტატურის ქვეშ რევოლუციური თეორიის გაგრძელებით“. ამით უნდა გამოევლინათ არა მარტო პარტიის, არამედ სოციალისტურ-კომუნისტური იდეეის „მოღალატეები“, სახელმწიფოს ყველა ბნელი მხარე და ძალაუფლება ყოველ მხრივ მოეხვეჭათ.
„კულტურული რევოლუცია“ ჩინეთის განსაკუთრებული ისტორიის პირობებში მოხდა და მის წინაპირობად შეიძლება სამი მდგომარეობა ჩავთვალოთ:
1. „მემარცხენეთა თეორია და პრაქტიკა“, რომელიც ყურადსაღებია 1957 წლის შემდეგ. ამ პერიოდის „მემარცხენეები“ მაოს მიმდევრებზე მიუთითებს, ხოლო „მემარჯვენეები“ აშშ-ს ან კაპიტალიზმის მომხრეებზე ან უბრალოდ, განსხვავებული აზრის ხალხზე. დაიწყო ე.წ. „გამოსწორების მოძრაობა“, რომლის ფარგლებშიც მაომ მოიწვია სხვადასხვა პარტიის ლიდერები, შემდეგ გააკეთა განცხადება, რათა დახმარებოდნენ კომუნისტურ პარტიას და მიეთითებინათ მათი შეცდომები. შესაბამისად, ბევრმა ინტელექტუალმა და თვითონ კომუნისტური პარტიის წევრმაც კი გამოთქვა თავისი კრიტიკული აზრი პარტიის ხელმძღვანელობისა და სოციალისტური სისტემის მიმართ. მოგვიანებით, პერიოდიკაში დაიწყო მოთხრობების, ფილმების, თეატრალური წარმოდგენების კრიტიკაც. 1963 წლის დასასრულს და 1964 წლის შუა პერიოდში კი თავად მაომ გამოაქვეყნა ლიტერატურისა და ხელოვნების მიმართ თავისი კრიტიკა. ის წერდა, რომ ხელოვნების ესა თუ ის დარგი არ ატარებდა პარტიის პოლიტიკას, არ უახლოვდებოდა მუშებსა და გლეხებს, არ ასახავდა სოციალისტურ რევოლუციასა და მშენებლობას. 1964 წლის ზაფხულში დაიწყო ფილოსოფიის, ისტორიის, ეკონომიკისა და განათლების სფეროების კრიტიკა. თუმცა ყველა ვინც თავისი კრიტიკული აზრი გამოთქვა პარტიასთან დაკავშირებით, „მემარჯვენეებად“ და მტრებად შერაცხეს და ეს იყო ერთ-ერთი, მაგრამ არა ერთადერთი წინაპირობა რევოლუციისა.

2. ინდივიდუალური თვითნებობა და პიროვნების გადაჭარბებული თაყვანისცემა „კულტურული რევოლუციის“ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მიზეზი იყო. მიუხედავად იმისა, რომ ჩინეთის კომუნისტური პარტია იყო კოლექტიური ხელმძღვანელობის განსახიერება, მაო ძედუნის კულტის შექმნა მაინც მოხდა.
გადაჭარბებული ძალაუფლება ხელს უწყობს პიროვნების კულტს, ხოლო ეს უკანასკნელი აძლიერებს ინდივიდუალურ თვითნებობას, რაც საბოლოოდ ყოველთვის ისტორიულ ტრაგედიას იწვევს. კომუნისტურ სამყაროში ორი პიროვნების, სტალინისა და მაოს კულტი წარმოიშვა, ორივე შემთხვევამ სავალალო შედეგამდე მიიყვანა ხალხი. კომუნისტებს კარგად ესმოდათ პიროვნების კულტის საფრთხე, რის გამოც ჩინეთის კომუნისტური პარტიის მეორე საერთო სხდომაზე მაო გამოვიდა რჩევით _ აეკრძალათ პარტიის ლიდერების სახელების დარქმევა ქუჩებზე, ადგილებზე, დაწესებულებებზე და ა.შ. მაგრამ ეს არ იყო საკმარისი პიროვნების კულტის თავიდან ასაცილებლად. რაშიც თავისი წვლილი მიუძღვის ლინ პიაოს(林彪) ხუანგფუს სამხედრო აკადემიის ყოფილი სტუდენტი იყო, რომელიც 1925 წელს შეუერთდა კომუნისტურ პარტიას, 1959 წელს გახდა თავდაცვის მინისტრი, 1969 წლის აპრილში, იგი აირჩიეს პოლიტიკური ბიუროს მუდმივმოქმედი კომიტეტის წევრად, პარტიის ცენტრალური კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ და ცენტრალური სამხედრო კომისიის თავმჯდომარის მოადგილედ. ის გახდა მაო ძედუნის მემკვიდრე.
1962 წლის დასაწყისში ჩატარდა „7000 ადამიანის კონფერენცია“ მაო ძედუნმა „დიდი ნახტომის“ სამუშაობზე დაშვებულ შეცდომებზე პასუხისმგებლობა აიღო, თუმცა ლინ პიაომ განაცხადა, რომ თავმჯდომარე მაო ყოველთვის სწორია და თუ შეცდომები დაუშვეს ამ პროგრამის განხორციელებისას, ეს მათი ბრალი იყო, რადგან არ მიჰყვნენ მაოს მითითებებს. 1966 წელს ლინ პიაომ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ მაოს ყოველი წინნადადება ჭეშმარიტება იყო, რითაც მაოს მოწონებაც დაიმსახურა. მოგვიანებით მან და ქანგ შენგმა[1] მაღალი თანამდებობებიც დაიკავეს და განაგრძობდნენ მაოს, ასე ვთქვათ, ყოველი ნაბიჯის განდიდებას. ამ ყველაფერმა კი ჩამოაყალიბა ტენდენცია „მაო ყოველთვის სწორია“ და ვინც მას არ ეთანხმებოდა იყო გზას აცდენილი. პარტიაში აღარ იყო დემოკრატიული ცენტრალიზმი, არც კოლექტიური ხელმძღვანელობა, რაც გახდა „კულტურული რევოლუციის“ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობა.

მემკვიდრის საკითხი ძალიან ადარდებდა მაოს, ის ეძებდა ახალგაზრდას, რომელიც კარგად იცნობდა მას, იყო სანდო და პარტიის ერთგული. მას ხრუშოვის სტალინის მემკვიდრედ დატოვება დიდ შეცდომად მიაჩნდა და არ უნდოდა იგივე გაემეორებინა. თავიდან მემკვიდრედ ლიოუ შაოცის[2] ფიქრობდა, თუმცა 1962 წლიდან მისი დამოკიდებულება ლიოუს მიმართ შეიცვალა.

რა იყო „კულტურული რევოლუციის“ სოციალური მიზანი? „მე-16 მუხლში“ ნახსენებია „ოთხი სიახლე“ ანუ ახალი იდეები, ახალი კულტურა, ახალი ადათ-წესები, ახალი ჩვევები, მაგრამ კონკრეტულად რა იგულისხმებოდა არავინ იცოდა, უბრალოდ, შემუშავებული ჰქონდათ აბსტრაქტული ლოზუნგები. „კულტურულ რევოლუციას“ არ ჰქონდა სრულყოფილი გეგმა ან პროგრამა.
1966 წლის 7 მაისს მაომ ლინ პიაოს გაუგზავნა წერილი, რომელიც მოგვიანებით ცნობილი გახდა როგორც „შვიდი მითითება“. მაო წერდა იდეალური საზოგადოების შესახებ, როგორც მას ეს ესმოდა: „მუშები, ფერმერები, გლეხები, ბიზნესმენები, სტუდენტები, ინჟინრები, პარტიის წევრები ყველანი უნდა გაერთიანდნენ ბურჟუაზიის კრიტიკაში და მთელი ქვეყანა ერთ დიდ სკოლად უნდა ვაქციოთ.“ მაო ძედუნის იდეალური საზოგადოებაც სწორად ასეთი იყო, ხალხი, რომელიც ერთმანეთის კრიტიკით დაკავდებოდა და ასე ერთმანეთისგან ისწავლიდა, თუმცა რას ისწავლიდა რთული სათქმელია.
1966 წლის 3 თებერვალს პენგ ჭენმა[3] გამართა „კულტურული რევოლუციის ხუთი კაცის ჯგუფის“ სხდომა. შეხვედრაზე განხილული მოსაზრებების თანახმად, შეადგინეს „კულტურული რევოლუციის ხუთ კაციანი ჯგუფის მოხსენების მონახაზი მიმდინარე კვლევით დისკუსიაზე“, რომელიც ცნობილია როგორც „თებერვლის მონახაზი“. მისი მთავარი მიზანი იყო შეენარჩუნებინა უკვე მიმდინარე კრიტიკული მოძრაობა, ამავდროელუად არ ექცია ის სერიოზულ პოლიტიკურ კრიტიკად. ამავე პერიოდში ლინ პიაო და ძიანგ ცინგი (江青), რომელიც მაო ძედუნის მეუღლე იყო, შემდგომში კი ცენტრალური კულტურული რევოლუციის ჯგუფის პირველი მოადგილე და ცენტრალური სამხედრო კომისიის კულტურული რევოლუციის ჯგუფის მრჩეველი. დაუკავშირდნენ ერთმანეთს, ისინი 2-დან 20 თებერვლამდე მონაწილეობდნენ შანხაის კონფერენციაში, რის შემდეგაც მათ შეიმუშავეს კონფერენციის მონახაზი, მისი მოკლე მიმოხილვა ძიანგ ცინგის შედგენილი იყო, თუმცა უნდა ითქვას, რომ მაო ძედუნმა წაკითხვის შემდეგ სამჯერ გადააკეთა ის. საბოლოოდ, მაო ძედუნმა რევოლუციის მიმდინარეობისთვის მხარი დაუჭირა ლინ პიაოსა და ძიანგ ცინგის მონახაზს და უარი თქვა პენგ ჭენის „თებერვლის მონახაზზე“. ამით დაიწყო ლინ პიაოსა და ძიანგ ცინგის დაკავშირება და მათი კონტრევოლუციური მოქმედებები ძალაუფლების ხელში ჩასაგდებად „კულტურული რევოლუციის“ დროს.
1965 წლის 10 ნოემბერის იაო ვენიუენის[4] კრიტიკული სტატიის, რომელიც თავად მაოს შეკვეთილი იყო, „დაცვისა“ და „თებერვლის გეგმის“ შეცდომის გამო 1966 წლის აპირლის ბოლოს პენგ ჭენი სამსახურიდან გაათავისუფლეს. მას მიაყოლეს ვეტერანი თანაპარტიელები, რომლებიც პასუხისმგებელნი იყვნენ პარტიის, საბრძოლო, პროპაგანდულ და საიდუმლო საქმეებზე. ისინი „ანტიპარტიულებად“ გამოაცხადეს.
16 მაისს სხდომაზე მიიღეს ახალი „ჩინეთის კომუნისტური პარტიის ცენტრალური სხდომის ცნობა“, რომლის მოთხოვნა იყო კრიტიკა პარტიისა და სოცილიზმის მოწინააღმდეგებისა და ამ კრიტიკას უნდა მოეცვა ყველა სფერო. ამ სხდომაზე სიტყვით გამოვიდა ლინ პიაოც, რომელიც მხარს უჭერდა რევოლუციას და ამბობდა, რომ რევოლუციას ვინც შეეწინააღმდეგება, ის არის მკვლელი, რომელსაც ძალაუფლების ხელში ჩაგდება და სოციალიზმის განადგურება სურს. მან ასევე თქვა, რომ მე-19 საუკუნის გენიოსები იყვნენ მარკსი და ენგელსი, მე-20 საუკინისა კი ლენინი და მაო ძედუნი.
16 მაისის სხდომის მიხედვით დაარღვიეს ძველი „კულტურული რევოლუციის ხუთ კაციანი ჯგუფი“ და 28 მაისს შექმნეს ახალი, სადაც ხელმძღვანელი იყო ჩენ პოტა(陈伯达), კონსულტანტი ქანგ შენგი (康生1967 წლის იანვრამდე), ვიცე-ხელმძღვანელი ძიანგ ცინგი(江青), ვანგ ჟენჭუნგი(王任重), ლიუ ჭიძიენ(刘志坚) და ჭანგ ჩუნციაო(张春桥); წევრები კი სიე თანგჭუნგ(谢镗忠) , იტა(伊达), ვანგ ლი(王力), კუან ფენგი(关锋),ცი პენიუ(戚本禹),მუ სინ(穆欣),იაო ვენიუენი(姚文元). ეს ჯგუფი რეალურად იყო მაო ძედუნის მმართველობის ქვეშ არსებული განსაკუთრებული ორგანიზაცია.
28 ივლისს გამოაცხადეს უნივერსიტეტების თანამშრომლებისა და სტუდენტებისთვის ნახევარ წლიანი არდადეგები, რათა ჩართულყვნენ რევოლუციაში. 12 აგვისტოს მაო ძედუნმა შეცვალა პოლიტიკური ბიუროს მუდმივი წევრების პოზიციები და რაოდენობა. თუ ადრე 7 წევრისგან შედგებოდა, ახლა 11 წევრი ჰყავდა: მაო ძედუნი, ლინ პიაო, ჭოუ ენლაი, თაო ჭუ, ჩენ პოტა, ტენგ სიაოფინგი, ქანგ შენგი, ლიოუ შაოცი, ჭუ დე, ლი ფუჩუნი, ჩენ იუნი. მაოს მემკვიდრე ლინ პიაო გახდა, ლიოუ შაოცის მემკვიდრეობა ჩამოერთვა და მეორეხარისხოვანი წევრობიდან მერვეზე გადაინაცვლა. პრეზიდენტი იყო მაო, ხოლო ვიცე-პრეზიდენტი ლინი.

[1] 康生- 1925 წელს შეუერთდა კომუნისტურ პარტიას, იყო საიდუმლო საომარი მოქმედებების ერთ-ერთი მთავარი ლიდერი და 1966 წლიდან ლინ პიაოსთან და ძიანგ ცინგთან ერთად „კულტურული რევოლუციის“ ერთ-ერთი მთავარი მამოძრავებელი.
[2] 刘少奇- მაოს თაობის კომუნისტი იყო, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის დაარსების შემდეგ, ლიოუ შაოცი გახდა ცენტრალური სახალხო მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე. 1959 წლის აპრილში იგი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტად და ეროვნული თავდაცვის კომისიის თავმჯდომარედ აირჩიეს.
[4] 姚文元- „ოთხკაციანი ბანდის“ ერთ-ერთი წევრი ლინ პიაოსა და ძიანგ ცინგთან ერთად.
გამოყენებული ლიტერატურა:
席宣、金春明:《”文化大革命”间史》,1996.
张化、苏菜青:《回首文革——中国十年文革分析与反思(1966-1976上下)》,2014.
学庆超:《历史的见证——“文革“的终结》,2018.
林小波、郭德宏:《文革的预演——“四清”运动始末》,2023.