ცინგის დინასტიის მმართველი ელიტა წარმომავლობით მანჯურიიდან იყო, შესაბამისად, ამ დინასტიის არსებობა პირდაპირ კავშირშია ძინის სამეფოს დაარსებასთან, რომელიც 1616 წელს ნურხაჩიმ დაარსა. 1644 წელს მანჯურიელებმა იგივე მანჭოუელებმა პეკინიც დაიკავეს და ჩინეთში ახალი _ ცინგის დინასტიის დასაწყისი გამოაცხადეს. მიუხედავად იმისა, რომ მანჭოუელებმა დაიკავეს პეკინი და ჩინეთში ახალი დინასტიის დასაწყისი გამოაცხადეს, სამხრეთ ჩინეთი მაინც მინგის დინასტიის ხელში რჩებოდა. მათ ნანძინგი თავიანთ დედაქალაქად გამოაცხადეს. გარდა ნანძინგისა მინგის დროინდელი დიდებულები იყვნენ შაოსინში, ფუჭოუში, კუანგჭოუში და აწყობდნენ აჯანყებებს ცინგის წინააღმდეგ, თუმცა ისინი ერთიანობით არ გამოირჩეოდნენ. ამ მეამბოხეებს შორის ყველაზე გამორჩეული იყო მინგის დინასტიის მთავარი მინისტრი ჭენგ ჩენგკუნგი(1624-1662), იქამდე რომ თაივანიც დაიკავა და ცინგის წინააღმდეგ აამხედრა, თუმცა 1662 წელს 38 წლის ასაკში გარდაიცვალა და მისმა შვილმა კი ისეთივე წინააღმდეგობა ვეღარ გაუწია ცინგის ხელისუფლებას. 1683 წელს ცინგის დინასტიამ საბოლოოდ დაიმორჩილა მთელი ჩინეთი და მათ შორის თაივანი.
ცინგის დინასტიის მმართველობა ჩინეთში 1911 წლამდე სინხაის რევოლუციამდე გაგრძელდა. ამ დროის მანძილზე კი 12 იმპერატორი ენეცვლებოდა ერთმანეთს ქვეყნის სამართავად. ცინგის დინასტიის დამაარსებელი (თუმცა ის არ ითლება მთლიანი ჩინეთის იმპერატორად) _ აისინ ძუელუო ნურხაჩი (清太祖爱新觉罗·努尔哈赤1616-1626)იყო. მან ჯერ მანჯურიელები გააერთიანა, შემდეგ მონღოლების მხარდაჭერა მოიპოვა, რასაც მოჰყვა მინგის დიანსტიასთან შეთანხმების მიღწევა, რომლის თანახმადაც ლიაოტუნგის მთავარი მმართველი გახდა. 1601 წელს დაარსა „რვა დროშიანი სამხედრო სისტემა“, 1616 წელს კი გამოაცხადა ძინის სამეფოს დაარსება. 1626 წელს მინგის ხალხთან პირველი მარცხის შემდეგ გარდაიცვალა. ტახტზე კი მისი მეშვიდე ვაჟი ხუანგ თაიძი(1592-1643) ავიდა.
აისინ ძუელუო ხუანგ თაიძიმ(清太宗爱新觉罗·皇太极1626-1643) გააგრძელა მამის პოლიტიკა ჯერ საკონტროლო ლაშრობა მოაწყო კორეაში, შემდეგ კი დაიწყო მინგის წინააღმდეგ შეტევა. 1631 წელს მან შენიანგში მინგის სისტემის მსგავსად შექმნა ექვს განყოფილებიანი ადმინისტრაციული სისტემა და „რვა დროშიანი სამხედრო სისტემაც“ უფრო დაუახლოვა მინგისას. ხუანგ თაიძიმ 1636 წელს დინასტიის სახელწოდება „ძინი“(金) გადააკეთა „ცინგად“(清). ის ცდილობდა ხანის ხალხისთვის უფრო ახლო და მისაღები ყოფილიყო მანჭოუელბის დინასტია. შემდეგ დაითნხმა კორეა უარი ეთქვა მინგის დინასტიისთვის და გამხდარიყო ცინგის დინასტიის ვასალი. 1642 წელს დაიკავა ძინჭოუ[2], 1643 წელს ხეილუნგძიანგი[3]. თუმცა ამის შემდეგ მალევე ავად გახდა და 51 წლის გარდაიცვალა. მის მემკვიდრედ კი 6 წლის ფულინი(福临) დარჩა(1638-1661), რომლის რეგენტადაც ნურხაჩის მეთოთხმეტე შვილი დორგონი(1612-1651) (多尔衮)დაინიშნა.
პეკინის აღება და ცინგის დინასტიის დედაქალაქად გადაქცევა სწორედ დორგონის დამსახურებაა. მინგის დინასტიას გარე მტრების გარდა, შიდა განხეთქილებაც ჰქონდა. 1644 წელს მინგის დინასტიის აჯანყებულები პეკინში შევიდნენ. ცინგის დინასტიამ ამ არეულობით ისარგებლა, შევიდა პეკინში, დაატყვევა ერთ-ერთი აჯანყებული გენერლის (გენერალ უ სანკუეის(吴三桂) )მამა და აიძულა აჯანყებულები მათთან ეთანამშრომლათ. საბოლოოდ კი, გაერთიანებული ძალებით 1644 წლის 6 ივნისს პეკინი დაიკავეს. დორგონმა დედაქალაქი პეკინში გადმოიტანა და ჩინეთში ახალი ცინგის დინასტიის დასაწყისი გამოაცხადა. სრულიად ჩინეთის ცინგის დინასტიის პირველი იმპერატორი კი აისინ ძუელუო ფულინი(清世祖爱新觉罗·福临1643-1661) გახდა, რომლის როგორც მმართველის ჩინური ტიტული გახდა “顺治-შუნჭ’„. თუმცა ქვეყნის რეალურ მმართველად მისი რეგენტი დორგონი რჩებოდა. დორგონი აკონტროლებდა ყველაფერს ქვეყნის შიგნით. მან 1646 წლამდე დაიკავა ძიასი, ხენანი, შანტუნგი, ხუპეი, ჭეძიანგის ერთი ნაწილი, სიჩუანი და ფუძიენი. გაატარა რეფორმები, თუმცა ჩინელი ერის ანუ ხანელების გულის მოსაგებად ბევრი ხანელი დატოვა თანამდებობაზე. დორგონი 1650 წელს 39 წლის ასაკში გარდაიცვალა და ძალაუფლება იმპერატორ შუნჭ’ს იგივე ფულინის ხელში გადავიდა. ფულინი როგორც კი რეალური მმართველი გახდა გაანადგურა მისი რეგენტის საფლავი და მისგან განსხვავებით რბილი მმართველობის ფორმა აირჩია, ხანელი დიდგვაროვნების ნაწილს დაუბრუნა ჩამორთმეული მიწები, ხანელი საჯარო მოხელეების სტატუსი გაუთანაბრა მანჯურიელებისას. ჩინელი ისტორიკოსების თანახმად, შუნჭ’ს ძალიან მოსწონდა ჩინური ენა და კულტურა, პატივს სცემდა ხანელ ხალხს, ასევე მის დროს დაიწყო უცხოელი მისიონერების შემოსვლა ჩინეთში. თუმცა მისი დამოუკიდებელი მმართველობა ხანგრძლივი არ აღმოჩნდა 1661 წელს ჩუტყვავილით გარდაიცვალა. ტახტზე კი მისი მესამე ვაჟი 8 წლის სუენ იე(1654-1772) ავიდა.
აისინ ძუელუო სუენ იეს, ჩინური წოდებით ქანგსის(清圣祖爱新觉罗·玄烨康熙) იმპერატორად არჩევის მთავარი მიზეზი იყო ის, რომ მან უკვე გადაიტანა ჩუტყვავილა და ამ დაავადებით გარდაცვალების შანსი ნაკლები იყო. მას ჰყავდა ოთხი რეგენტი, რომელთა შორის დესპოტურობით გამოირჩეოდა აო პაი(鳌拜). 13 წლის როცა გახდა, ქანგსიმ ბიძის დახმარებით მოახერხა აო პაის რეგენტის თანამდებობიდან გათავისუფლება და ციხეში ჩასმა.
როგორც ისტორიკოსები აღწერენ, ქანგსის ძალიან უყვარდა ყველაფრის გეგმის მიხედვით კეთება, ყოველ დილით მინისტრებთან შეხვედრას მართავდა, სადაც მინისტრები თავიანთი განყოფილების მოხსენებას აკეთებდნენ, მერე პრობლემების გადაწყვეტის თავისეულ ხედვას სთავაზობდნენ იმპერატორს და ბოლოს იმპერატორს ეკითხებოდნენ თუ როგორ მოქცეულიყვნენ. სხდომის დასასრულს კი ქანგსი გამოიკითხავდა უცხო ქვეყნების სიახლეებს. დასრულების შემდეგ მოინახულებდა და მოიკითხავდა დედოფალს, ვარჯიშობდა კალეგრაფიაში ან ლექსებს წერდა ან კიდევ საიმპერატორო კარზე მყოფი იესოს საზოგადოების წარმომადგენელ დასავლელთან ერთად ვარჯიშობდა დასავლურ მეცნიერებებსა და მათემატიკაში. იმპერატორი ქანგსი წერდა წიგნებს და ქმნიდა ენციკლოპედიებს, მისი შემოქმედებიდან ყველაზე ცნობილია „ქანგსის ლექსიკონი“, რომელშიც 47 035 იეროგლიფი შედიოდა. ის გამოირჩეოდა ხალხისადმი ყურადღებით, მოგზაურობდა პროვინციებში, ხვდებოდა ადგილობრივებს და გებულობდა მათ გასაჭირს. მან ასევე გაატარა მიწის რეფორმები, მოაწესრიგა მდინარეების კალაპოტები, შეამცირა გადასახადები...
ქანგსი კარგი და ძლიერი მმართველი იყო, მაგრამ არც მის მმართველობას ჩაუვლია შიდა აერულობის გარეშე. მისი მმართველობისას დაიწყო კალმუკელი მონღოლების ამბოხებები და დამოუკიდბლობისკენ ლტოლვა, რუსებმა კი დაიკავეს ციმბირი და უახლოვდებოდნენ ჩინეთის ტერიტორიას. მე-17 საუკუნის 40-50-იან წლებში რუსებმა დაიწყეს ხეილუნგძიანის ტერიტორიაზე ჩამოსახლება, 1666 წელს ააშენეს ციხესიმაგრეც და უახლოვდებოდნენ მანჭოუელების ძირძველ მიწას. 1685-1686 წლებში ჩინეთი შეტევაზე გადავიდა, ქანგსის არმიამ ალყა შემოარტყა მათ ციხე სიმაგრეს ხეილუნგძანში, თუმცა ბოლოს რუსების ელჩთნ შეხვედრას დათანხმდა და 1689 წელს ხელი მოაწერა „ნერჩინსკის ხელშეკრულებას“[6], ეს იყო ჩინეთის პირველი ხელშეკრულება დასავლურ ქვეყანასთან. რომლის მიხედვითაც, რუსეთი მონღოლებთან დაპირისპირებაში ნეიტრალიტეტს შეინარჩუნებდა, სამაგიეროდ მიიღო ამავე რეგიონში ვაჭრობის უფლება. იმპერატორი ქანგსი რამდენიმე წელში, 1722 წელს ავადმყოფობით გარდაიცვალა. იმპერატორი კი მისი ვაჟი იონგჭენგი(1678-1735) გახდა.
აისინ ძუელუო ინ ჭენი, მმართველობის ტიტულით იონგჭენგი(清世宗爱新觉罗·胤禛雍正1722-1735), 45 წლის ასაკში გახდა იმპერატორი. ჩინელი ისტორიკოსები დღემდე განიხილავენ და ეჭვის თვალით უყურებენ მის იმპერატორად დანიშვნის ფაქტს, ზოგი ფიქრობს, რომ ის სამართლიანად დასახელდა მამის მემკვიდრედ, ზოგი კი ძმების მკვლელად მოიხსენიებს მას. ის ქანგსისგან განსხვავებით მეტი სიმკაცრით და ეჭვიანობით გამოირჩეოდა, უნდოდა რომ ყველაფერი თავად ეკონტროლებინა, ალბათ, სწორედ ამიტომ შექმნა ახალი ჯაშუშების სისტემა. იონგჭენგი ითვლება რეფორმატორად, მის დროს გატარდა უამრავი რეფორმა მათ შორის მიწის გადანაწილებისა და კორუფციის წინააღმდეგ, სხვა მხრივ მას დიდი ცვლილებები არ შეუტანია ქანგსის მიერ შექმნილ ადმინისტრაციულ თუ სამხედრო სისტემაში. პრობლემები რუსეთთან კი ისევ გრძელდებოდა, 1727 წელს მათ ხელი მოაწერეს „ციაქეთუს ხელშეკრულებას“, რომლის მიხედვითაც დადგინდა მონღოლეთსა და ციმბირს შორის ზუსტი საზღვარი. ამ ხელშეკრულებით რუსეთის მხარეს მოექცა ბევრი აქამდე ჩინეთის მმართველობის ქვეშ არსებული მიწა, რუსეთმა ასევე მიიღო ვაჭრობის განსაკუთრებული უფლება და პეკინში ეკლესიის აშენების ნებართვა. 1729 წელს ჩინეთის პირველი დელეგაცია გაემგზავრა რუსეთში, თუმცა ამ ვიზიტმა არანაირი შედეგი არ გამოიღო. იონგჭენგის გარდაცვალებაც ასევე იდუმალებითაა მოცული, 1735 წლის ერთ მშვენიერ დღეს თავი შეუძლოდ უგრძვნია, ყურადღება არ გაუმახვილებია და რამდენიმე დღეში გარდაცვლილა, ზოგი ისტორიკოსის თანახმად ის შეიძლება მოწამლეს, თუმცა არ არსებობს საკმარისი მტკიცებულება.
იონგჭენგის გარდაცვალების შემდეგ ტახტზე ავიდა მისი მეოთხე შვილი 25 წლის(1711-1799) აისინ ძუელუო ხუნგ ლი იგივე ციენლუნგი (清高宗爱新觉罗·弘历乾隆1735-1795). მას ძალიან უყვარდა ბაბუა ანუ იმპერატორი ქანგსი და მთელი მმართველობის პერიოდში ცდილობდა მისი მსგავსი ყოფილიყო. ციენლუნგი გამოირჩეოდა თავისი წინამორბედი იმპერატორებისგან, რადგან მის ბავშვობაში, მანჭოუელების სამეფო კარი თითქმის ასიმილირებული იყო ჩინურ კულტურასა და ტრადიციებთან. ის კარგად ფლობდა ჩინურ ენას, კულტურას, წეს-ჩვეულებებს, ფილოსოფიას, ისტორიას და ა.შ. ციენლუნგი ბაბუამისის მსგავსად ხშირად მოგზაურობდა სხვადასხვა პროვინციებსა თუ ქალაქებში და ეცნობოდა ადგილობრივების ცხოვრებას. მან წამოიწყო იმ პერიოდისთვის ყველაზე დიდი წიგნების საცავის მშენებლობა _ „ს’ქუცუენშუ“[7], სადაც ინახებოდა 36 ათასი წიგნი.
1750 წელს ჩაახშო აჯანყება ტიბეტში. 1755-1757 წლებში გაილაშქრა ჩრდილოეთ სინძიანგში და შემოუერთა დანარჩენ ტერიტორიებს. 1759 წელს ილის ტერიტორიაზე დაიწყო სამხედრო-ადმინისტრაციული რეფორმა. ციენლუნგის მმართველობის პერიოდი არა მარტო ცინგის დინასტიის, არამედ ჩინეთის ისტორიის ოქროს ხანად მიიჩნევა.[8]თუმცა ციენლუნგის ასაკის მატებასთან ერთად ქვეყანაში კორუფციამ იმატა. საკუთარი თავით კმაყოფილმა უამრავი შეცდომა დაუშვა, არაფრად ჩააგდო გარე ძალები და ფაქტორები, დასავლეთისთვის ფართოდ გახსნილი კარი მანვე ჩაკეტა, რამდენიმე ქალაქში აკრძალა უცხოელების ვაჭრობა, შემოიღო ახალი რეგულაციები „უცხოელი ბარბაროსებისგან“ თავდასაცავად და დაიწყო ჩინეთის ჩაკეტილობის ისტორია.
1795 წელს იმპერატორმა ციენლუნგმა უარი განაცხადა ტახტზე და თავის მემკვიდრეს ოფიციალურად დაუთმო ადგილი, თუმცა ის არაფორმალურად აგრძელებდა სახელმწიფოს მართვას, ამავე პერიოდში დაიწყო ქვეყნის შიდა არეულობა და „თეთრი ლოტოსის საზოგადოების“ ფართო მასშტაბიანი აჯანყებები. 1799 წელს ციენლუნგი გარდაცვალა, რის შემდეგაც ქვეყანა მთლიანად მისი ვაჟის იმპერატორ ძიაცინგის ხელში გადავიდა.[9]
...
გამოყენებული ლიტერატურა:
徐中约,《中国近代史:1600-2000中国的奋斗》,后浪出版公司005-02;
稻叶君山:《清朝全史》,上海三联书店出版社,2021年;
张生:《清太祖努尔哈赤传奇》,《侨园》, 2021年;
常建华:《清朝大历史》,中华书局出版,2020年;
李治亭:《清史:上卷》,人民文学出版社,2020年;
善从:《中国皇帝全传》,中国华侨出版社,2011年。