Chinesestories

სუნ იატსენი და მისი როლი ჩინეთის უკანასკნელი დინასტიის დამხობაში

სუნ იატსენი და მისი როლი ჩინეთის უკანასკნელი დინასტიის დამხობაში

ვინ იყო სუნ ჭუნგშანი?

„ჩინეთში ბატონმა სუნ ჭუნგშანმა დაიწყო დემოკრატიული რევოლუცია მონარქიისა და ფეოდალიზმის წინააღმდეგ.“ 

სუნ ჭუნგშანი, რომელსაც დასავლეთში სუნ იატსენის სახელით იცნობენ ჩინეთის ისტორიასა და პოლიტიკაში უმნიშვნელოვანესი პიროვნება იყო და არის. სწორედ, მისი ხელმძღვანელობით მიმდინარეობდა უწყვეტი აჯანყებები და ამბოხებები ჩინეთის უკანასკნელი დინასტიის დასამხობად. სინხაის ცნობილი რევოლუცია, ეს არის მოვლენა რომელმაც დაასრულა ფეოდალური წყობა ჩინეთში და დაარსა ჩინეთის რესპუბლიკა. ამ რევოლუციის სულისჩამდგმელი და მთელი ჩინეთის რევოლუციონერების ერთი იდეისკენ გამაერთიანებელიც ბატონი სუნი გახლდათ. მან შეძლო გაეერთიანებინა ჩინელი მოსახლეობა განურჩევლად ეთნიკური წარმომავლობისა, პოლიტიკური შეხედულებისა და რელიგიური მიმდინარეობისა, მეტიც სუნ ჭუნგშანი იყო ის ადამიანი ვინც მოგვიანებით შეძლო გაეერთიანებინა ჩინელი ნაციონალები და კომუნისტები, კიდევ უფრო მეტი დღეს მას ჩინეთის ერის მამას ეძახიან როგორც მატერიკელები, ისე თაივანელები.

სუნ ჭუნგშანი 1866 წლის 12 ნოემბერს ქალაქ კუანგჭოუს ახლოს პატარა სოფელში დაიბადა. მისი ნამდვილი სახელი ტისიანგ, წოდება კი ჟისინი იყო. 1897 წელს რევოლუციაში მონაწილეობის შემდეგ მან სახელი შეიცვალა და დაირქვა _ ჭუნგ შანციაო, ასევე შეიცვალა წოდებაც ისიანად. სინხაის რევოლუციის შემდეგ კი მას ხალხი სუნ ჭუნგშანს ეძახდა.  თუმცა თავად ყოველთვის სუნ ვენის სახელით აწერდა ხელს. რაც შეეხება მის ინგლისურ სახელს _ სუნ იატსენს, ის არა მისი სახელის, არამედ წოდებიდანაა ნათარგმნი, რადგან მაშინ ადამიანს სახელით კი არა წოდებით მიმართავდნენ. შესაბამისად, დასავლელებისთვისაც ის ცნობილი იყო და დარჩა სუნ იატსენად. ზოგიერთი წყაროს მიხედვით კი ეს სახელი მისი იაპონური სახელიდანაა აღებული.[1]

მისი მშობლები ე.წ. უმიწო გლეხები იყვნენ, რაც ერთ-ერთ ყველაზე ღარიბ ფენად ითვლებოდა ცინგის დინასტიის დროინდელ ჩინეთში. სიღარიბის გამო სუნის უფროსი ძმა 15 წლის ასაკში წავიდა ჰონოლულუში (ჰავაი, აშშ), სადაც ბიძასთან ერთად მუშაობდა. ხოლო სუნი  6 წლიდან დასთან ერთად სოფელში ღორებსა და ძროხებს მწყემსავდა, ბრინჯს თესდა და ბალახებისგან წმენდდა და ამით ოჯახში ფული შეჰქონდა. 9 წლისამ სწავლა დაიწყო, 12 წლისამ დაასრულა დაწყებითი განათლების მიღება. ოჯახის უქონლობის გამო, მას არ მიეცა  შესაძლებლობა ბოლომდე გაეგრძელებინა ჩინური ტრადიციული განათლების მიღება. უფრო მეტიც ჩინელი ისტორიკოსების თანახმად სუნ ჭუნგშანს 15 წლამდე ბრინჯიც კი სანატრელი ჰქონდა საჭმელად. უკიდურეს სიღარიბეში გაზრდილი სუნი არაერთი უსამართლობის შემსწრეც ხდებოდა. ჩინელ ისტორიკოსებზე დაყრდნობით ის ბავშვობაში ხშირად ისმენდა ამბებს თაიფინგის რევოლუციის შეესახებ და მათ იდეებს. მისთვის ასევე გაუგებარი და მიუღებელი იყო ზოგიერთი ჩინური ტრადიცია, მათ შორის ქალებისთვის ფეხის შეფუთვა და ყოველთვის თანაუგრძნობდა თავის დას.

1878 წელს 12 წლის სუნი ჰონოლულუზე ძმასთან ერთად სამუშაოდ გაემგზავრა. იქ მუშაობის პარალელურად სკოლაში სიარულიც დაიწყო. 1883 წელს კი 17 წლისამ დაამთავრა კოლეჯი და სამშობლოში დაბრუნდა. ახალ დაბრუნებული სუნ ჭუნგშანი ვერ შეეგუა სოფელს და იქაურ ტრადიციებს. ერთ დღესაც ადგილობრივი რელიგიის გაკიცხვა დაიწყო, დაამსხვრია წმინდანების ქანდაკებები და ხალხს უთხრა რომ ამ წმინდანებს საკუთარი თავის დაცვაც არ შეეძლოთ არათუ ხალხის. თანასოფლელები, რა თქმა უნდა, განრისხდნენ, სჯეროდათ რომ სუნის ასეთი საქციელის გამო მათ თავს დიდი უბედურება დაატყდებოდა. სუნი იძულებულ იქნა სოფელი დაეტოვებინა და ჰონგკონგში გაემგზავრა.  იქ ჯერ ბრიტანულ კოლეჯში, შემდეგ კუანგჭოუში სამედიცინო სასწავლებელში, 1987 წელს კი ჰონგკონგის დასავლური მედიცინის კოლეჯში გააგრძელა სწავლა. ჰონოლულუში ნაცხოვრები სუნისთვის უკვე უფრო მეტად ნათელი იყო განსხვავება გარესამყაროსა და ჩინეთის მაშინდელ მდგომარეობას შორის, პროფესიული განათლების მიღების პარალელურად კითხულობდა და იკვლევდა სამშობლოს ისტორიას და მდგომარეობას, თანამოაზრეებს იძენდა და ნელ-ნელა რევოლუციაზე ფიქრიც დაიწყო. 

1893 წლის ზამთარში, კუანგჭოუს ახალგაზრდა ექიმმა სუნ ვენმა იგივე სუნ ჭუნგშანმა, ჭენგ შილიანგთან, ლუ ხაოტუნგთან და სხვა თანამოაზრეებთან ერთად ორგანიზაციის ჩამოყალიბება დაგეგმა, ორგანიზაციის სახელად შეირჩა „სინგჭუნგხუეი“(兴中会). 1894 წლის ივნისში, სუნმა ლი ხუნგჭანს[2] წერლი მისწერა, რომელშიც წერდა რომ დასავლური ქვეყნები განვითარებულები არიან, რადგან ისინი საკუთარ მიწასა და ხალხს ეყრდნობიან და არა სხვა ქვეყნის გემებსა და ვაჭრობას, ურჩევდა რომ განათლება ყველასთვის უფასო და ხელმისაწვდომი გაეხადა, რათა განევითარებინათ მოსახლეობის ნიჭი და ქვეყნისავე სასიკეთოდ გამოეყენებინათ. ის წერილში ასევე წერდა რომ თავად საზღვარგარეთ მიიღო განათლება, მედიცინასთან ერთად შეისწავლა ენები, ლიტერატურა, პოლიტიკა და მათემატიკა. თუმცა ლი ხუნგჭანმა ომის შემდეგ ვნახოთო უპასუხა, ამ დროს ჩინეთ-იაპონიის ომი მიმდინარეობდა. 

ამის შემდეგ სუნმა გადაწყვიტა აქტიურად მოეძებნა საზღვარგარეთ მყოფი ჩინელები და გაეცნო მათთვის თავისი იდეა, მიეღო მათი მხარდაჭერა და დახმარება. 1894 წელს სუნი მიემგზავრება ჰონოლულუზე, სადაც თავისი ძმის მხარდაჭერით   24 ნოემბერს სხდომაზე შეიმუშავეს პირველი რევოლუციური ორგანიზაციის _ „სინჭუნგხუეის“ რეგულაციები, ამ ორგანიზაციაში 126 ადამინი გაწევრიანდა. რამდენიმე თვეში მისი წევრების რაოდენობის ზრდასთან ერთად და კუანგტუნგის შეიარაღებული აჯანყების დაგეგმვაც დაიწყო. საამისოდ სუნმა დაიქირავა დანიელი ოფიცერი, რომელიც წვრთნიდა „სინგჭუნგხუეის“ წევრებს. 

 

სუნ ჭუნგშანის დაორგანიზებული პირველი აჯანყება

1885 წლის 16 მარტს „სინჭუნგხუეიმ“ სუნის მეთაურობით დაიწყო სამი ათასი კაცის მობილიზება კუანგჭოუს ასაღებად. სუნ ჭუნგშანი 26 ოქტომბერს გეგმავდა აჯანყების დაწყებას, თუმცა ეს ინფორმაცია როგორღაც გავრცელდა. რევოლუციონერებმა დაკარგეს იარაღი, 48 მათგანი კი მოკლეს, სუნის მეგობარი და თანამოაზრე ლუ ხაოტუნგი დააკავეს. სუნ ჭუნგშანი, ჭანგ შილიენი და სხვა მონაწილეები კუანგჭოუდან ჰონგკონგში გაიქცნენ იქედან კი იაპონიაში. მართალია, აჯანყება მარცხით და დიდი ზრალით დასრულდა, მაგრამ სუნ ჭუნგშანის რევოლუციური აქტივობები არ შემწყდარა, მეტიც ჩინელ ხალხში ის იქცა რევოლუციის სიმბოლოდ.  იაპონიაში ჩასულებმა გაზეთებში აღმოაჩინეს, რომ კუანგჭოუს ამბავს „აჯანყებად“ ან „არარეგალურ არეულობად“, მათ კი „რევოლუციურ პარტიად“ მოიხსენიებდნენ. რის შემდეგაც სუნმა ჭანგ შილიანგსა და ჩენ შაოპაის შესთავაზა რევოლუციური პარტია ეწოდებინათ თავიანთი გაერთიანებისთვის. სწორედ, ამ დროს შეიცვალა სახელი სუნ ჭუნგშანმა, მან მოიჭრა ნაწნავი და ჩაიცვა დასავლური ტანსაცმელი.

1896-1900 წლები განსაკუთრებული სირთულით და იმედგაცრუებებით გამოირჩეოდა სუნისთვის. იაპონიიდან ის ევროპაში გაემგზავრა თანამოაზრეების მოსაძებნად, თუმცა მალევე მიხვდა, რომ დასავლეთში ჩინელ სტუდენტთა ან ვაჭართა რაოდენობა ძალიან ცოტა იყო და ისევ იაპონიაში დაბრუნდა. 1900 წელს სუნმა ჰონგკონგში დაბრუნება გადაწყვიტა და იქ ამბოხების მოწყობა დაგეგმა, თუმცა ამჯერადაც არაფერი გამოუვიდა, ის არ შეუშვეს ჰონგკონგში და თაივანზე მოუწია გაქცევა. ამავე პერიოდში რევოლუციონერების ნაწილმა აჯანყება მოაწყვეს კუანგტუნგში, თავიდან წარმატებას მიაღწიეს, თუმცა სუნ ჭუნგშანისა და იაპონიაში გაქცეული სხვა რევოლუციონერების დახმარება შეუძლებელი აღმოჩნდა და ესეც მარცხით დასრულდა.

ამ ყველაფრის პარალელურად სუნ ჭონგშანმა 1900 წლის იანვარში გაზეთის გამოცემა დაიწყო, რომლითაც პროპაგანდას უწევდა ანტი-ცინგურ მოძრაობასა და რევოლუციას. ის ასევე აფინანსებდა იაპონიაში მყოფი ჩინელი სტუდენტების გაზეთებს, რომლებიც ავრცელებდნენ ჩინელებისთვის ახალ მსოფლმხედველობას, საუბრობდნენ ჩინეთის გათანამედროვებაზე და ა.შ.  ამ ყველაფერმა შთააგონა ჩინელი ახალგაზრდებიც. იაპონიიდან დაბრუნებულმა სტუდენტებმა დაიწყეს ასოციაციებისა და ორგანიზაციების დაარსება, მათ შორის იყო ხუასინგის ასოციაცია(华兴会)და ჭეძიანგის კუანგფუს ასოციაცია(光复会)

 

ჩინელი რევოლუციონერების ლიგა და ხალხის სამი პრინციპი

სუნ ჭუნგშანი ძალიან დიდ ყურადღებას აქცევდა სტუდენტების ჩართულობას რევოლუციაში, აფინანსებდა მათ გაზეთებს და მართავდა მათთან შეხვედრებს. 1905 წლის იანვარში მან შეხვედრები გამართა ნიუ იორკში, ლონდონსა და ბრუსელში მყოფ ჩინელ სტუდენტებთან. 1905 წლის 19 ივლისს ის კიდევ ერთხელ ჩავიდა იაპონიაში, სადაც იქ მყოფ ჩინელ სტუდენტებთან შეხვედრის პარალელურად ჩინეთიდან გამოქცეულ ხუანგ სინგს, სუნგ ძიაოჟენს, ჩენ თიენხუას და სხვა რევოლუციონერებსაც გაესაუბრა. 

შედეგად 20 აგვისტოს ტოკიოში დაარსეს ჩინელ რევოლუციონერთა ლიგა, რომლის პრეზიდენტადაც, რა თქმა უნდა, სუნ ჭუნგშანი აირჩეს. ჩინელი რევოლუციონერების ლიგის დაარსება ჩინეთის ისტორიაში უმნიშვნელოვანესი მოვლენაა. პირველ რიგში იმიტომ, რომ ამ ლიგაში გაერთიანდა რევოლუციონერების უმეტესობა და საბოლოოდ შეიმუშავეს ცინგის დინასტიის გადატრიალების გეგმა, ლიგის წევრები იყვნენ მთელი ქვეყნიდან სხვადასხვა ასაკის ადამიანები და მათ ყავდათ ერთი ლიდერი _ სუნ ჭუნგშანი, რომელმაც მოიპოვა ამ ხალხის ნდობა. ამ ლიგის მთავარ დევიზად კი იქცა _ „ჩამოვაგდოთ მანჯურიელები, აღვადგინოთ ჩინეთი, შევქმნათ რესპუბლიკა, გავათანაბროთ მიწის უფლებები“. ლიგის წევრები უწყვეტად აწყობდნენ შეიარაღებულ აჯანყებებს, რომლებსაც სუნ ჭუნგშანი ან ხუანგ სინგი ხელმძღვანელობდა. მართალია, ყველა მათგანი მარცხით დასრულდა, თუმცა აჯანყებების ამბები მთელს ქვეყანას ედებოდა და რევოლუციის მომხრეები უფრო და უფრო მატულობდა.

ლიგის დაარსებიდან მალევე სუნ ჭუნგშანმა გაზეთით გაავრცელა თავისი რევოლუციის იდეა, რომელიც ცნობილია როგორც „ხალხის სამი პრინციპი“. ეს სამი პრინციპი კი არის _ ეროვნულობა, დემოკრატია და ხალხის სიცოცხლის არსი . ეროვნულობა _ მოუწოდებდა ხალხს ერთიანად დაემხოთ ცინგის მმართველობა და მოეშორებინათ უცხოელი იმპერიალისტების ბორკილები; დემოკრატია _ მიუთითებდა ხალხისთვის ოთხ მთავარ თავისუფლებაზე _ ინიციატივის, რეფერენდუმის, არჩევნისა და უკანდახევის, და ხუთ მთავარ პოლიტიკურ უფლებაზე _ ადმინისტრაციაზე, კონსტიტუციაზე, იურისდიქციაზე, კონტროლსა და გამოცდებზე; ხალხის არსებობის წყარო კი მიანიშნებდა კაპიტალის კონტროლსა და მიწის თანაბრად გადანაწილების აუცილებლობაზე.[3]

 

 

აჯანყებების უწყვეტი ტალღა და საბოლოო გამარჯვება

წარუმატებელი აჯანყებების ფონზე დაგროვებულმა გამოცდილებამ გამოაჩინა, რომ რევოლუციის წარმატებისთვის მხოლოდ სტუდენტების, გლეხების, მუშების მხარდაჭერა არ იყო საკმარისი და საჭირო იყო ცინგის არმიის მთლიანად თუ არა ნაწილობრივ გადმობირება. სწორედ ამ მიზნით, 1903 წლის მაისიდან, უხანის რეგიონის ახალგაზრდა რევოლუციონერებმა დაიწყეს ხუპეის ახალი არმიის ჯარისკაცებთან დაახლოვება, 1904 წლის დეკემბერში მათ უკვე მოახერხეს ახალ არმიაში ჰყოლოდათ მომხრეები. 1911 წლის უჩანგის აჯანყებამდე ახალი არმიის 15 000 ჯარისკაციდან 2 000 რევოლუციონერი იყო. [4]

ცინგის დინასტიის მმართველობის ბოლო წლებში ზოგ პროვინციაში აღადგინეს მინგის დროინდელი წამების მეთოდები, რომლებიც თავად ცინგის დინასტიამ აკრძალა ერთ დროს სისასტიკის გამო. ახალ კანონებთან ერთად იზრდებოდა გადასახადები, ხალხის შემოსავალი კი იგივე რჩებოდა, ამ ყველაფერს ემატებოდა ბუნებრივი კატასტროფები, რის გამოც ბრინჯის მოსავალი შემცირდა და ხალხს ბრინჯიც კი აღარ რჩებოდა საჭმელად. უსამართლო გადასახადების გასაპროტესტებლად მხოლოდ 1910 წელს მომოქალაქეების 109 საპროტესტო მოძრაობა გაიმართა.

გარდა ზემოთ ხსენებულისა, დიდი დაძაბულობა იყო ჩინელებსა და უცხოელებს შორის. დაპირისპირებების ერთ-ერთი მიზეზი იყო რელიგია. მისიონერების წინააღმდეგ პირველად „იხეთუენი“(义和团) გამოვიდა, რომლებიც ვერ პატიობდნენ მისიონერების მიერ ჩინელი ხალხის ზემოდან ყურებას. მაგალითად, 1905 წელს პროვინცია შანსის ერთ სოფლელ გლეხს მოუვიდა დაპირისპირება უცხოელ მისიონერთან რის გამოც გლეხი დააპატიმრეს. ამ ფაქტმა ხალხი კიდევ უფრო გააღიზიანა. 1906 წელს კიდევ ერთი მსგავსი დაპირისპირება მოხდა, რის გამოც მოსახლეობამ კათოლიკური ეკლესია გადაწვა. მსგავს დაპირისპირებებს ადგილი ჰქონდა ჩინეთის ყველა პროვინციაში ყოველ წელს, ზოგჯერ წელიწადში რამდენჯერმეც კი.

ქვეყნის შიგნით მსგავს მდგომარეობას აპროტესტებდნენ და უფლებებისთვის იბრძოდნენ არა მხოლოდ ჩინეთის ხანის მოსახლეობა, არამედ ეთნიკური უმცირესობებიც, მათ შორის მანჯურიელები, უიღურები, მონღოლები, ტიბეტელები, ხუეიები, მიაოები და სხვები. მაგალითად, 1907 წლის ივნისში, ლიაოიანგში მანჯურიელი და ხანელი გლეხები გამოვიდნენ გადასახადების გაზრდის წინააღმდეგ, შედეგად აჯანყებული გლეხები მოკლა ადგილობრივმა მთაბრობამ. ამავე წელს ხამელი უიღურები(哈密维吾尔族) აჯაყდნენ სასტიკი დასჯის სისტემის წინააღმდეგ, პასუხად ცინგის მთავრობამ აჯანყებულების მეთაური ქალაქ ურუმჩიში მიიტყუა და მოკლა. 1906-1907 წლებში მოხდა მიაოს, ჭუანგის, ხანის ცალკეული და გაერთიანებული აჯანყებებიც. ამ აჯანყებებში მონაწილეობდნენ რევოლუციონერებიც, ზოგი თავად მათი დაგეგმილიც იყო, თუმცა ვერც ერთმა მათგანმა ვერ მიაღწია მიზანს.

1911 წლის მაისში კი დაიწყო რკინიგზის დაცვის საპროტესტო მოძრაობა სიჩუანში(四川保路运动), რომელსაც თავიდან ჩინელი კონსტიტუციონერები ხელმძღვანელობდნენ, ხოლო ჩინელი რევოლუციონერების გაერთიანებულმა ლიგამ მათი ხელმძღვანელობა მხოლოდ მას შემდეგ დაიწყო, რაც სიჩუანის რკინიგზის დაცვის პროტესტის წევრები მიხვდნენ კონსტიტუციონერებთან თანამშრომლობას არანაირი შედეგი არ ჰქონდა. სიჩუანის ამ შეარაღებული მასშტაბური აჯანყების დაწყებამ შეიძლება ითქვას მთელი ჩინეთი შეძრა.   

ამას მოყვა აჯანყების დაგეგმვა სხვა პროვინციებშც. 1911 წლის 13 ივლისს შანხაიში გაიმართა ჩინელი რევოლუციონერების ლიგის სხდომა სუნგ ძიაოჟენის ხელმძღვანელობით. სხდომაზე დაგეგმეს სამხედრო აჯანყება მოეწყოთ 6 ოქტომბერს ხუპეის პროვინციის ქალაქ უხანში უჩანგის რაიონში, თუმცა მოგვიანებით არეულობის გამო 11 ოქტომბერს გადაიტანეს. 9 ოქტომბერს შუა დღეს ერთ-ერთი რევოლუციონერი სუნ უ(孙武) ხანქოუში რუსეთის კონტროლირებად ტერიტორიაზე ასაფეთქებლების დამონტაჟების დროს დაიწვა, ისე რომ მისი საავადმყოფოში გადაყვანა გახდა საჭირო, ამ ყველაფერმა და ცეცხლის სუნმა რუსული არმია დააეჭვა და დაიწყეს იქაურობის შემოწმება, შედეგად დააკავეს რევოლუციონერების ნაწილი, ხელთ იგდეს მათი წევრების სია და იარაღის ნაწილი. ახალი არმიის არტილერიამ და საინჟინრო ბატალიონმა კი თავდაცვის მიზნით გადაწყვიტა იმ დღესვე ღამით 12 საათზე დაწეყოთ ამბოხება, თუმცა ამ ბრძანების ცნობის დაგვიანებამ გამოიწვია რევოლუციონერების ნაწილის აჯანყებაში ჩართვის დაგვიანება. შედეგად კვლავ დააკავეს მათი ნაწილი, მაგრამ ამბოხებულები ვერაფერმა შეაჩერა და მეორე ღამით 10 ოქტომბერს უჩანგში დაიწყო აჯანყება, რომელიც პირველი წარმატებული აჯანყება იყო ამ ხნის მანძილზე. ხაზგასასმელია, რომ ამ აჯანყებაში არ მონაწილეობდა რევოლუციის ნამდვილი ლიდერი სუნ ჭუნგშანი, რადგან პირველადი გეგმის მიხედვით რევოლუცია თვის ბოლოს უნდა დაწყებულიყო, ამიტომ ის ამ დროს ჯერ კიდევ აშშ-ში იყო კრედიტის მოსაპოვებლად. 

12 ოქტომბერს რევოლუციონერთა არმიას უკვე დაკავებული ჰქონდა თითქმის მთელი ქალაქი. უჩანგის აჯანყების წარმატება მთელს ჩინეთს მოედო, ნახევარი თვის მანძლზე თხუთმეტმა პროვინციამ უარი თქვა ცინგის დინასტიის მმართველობაზე. 1911 წლის ნოემბრის დასაწყისში შანხაი და დეკემბრის დასაწყისში კი ნანძინგი გადავიდა რევოლუციონერების მმართველობაში. ასეთ სწრაფ წარმატებას ლიდერებიც კი არ ელოდნენ, რა თქმა უნდა, დიდი როლი ითამაშა დასავლეთის ნეიტრალიტეტმაც. 

 

სუნ ჭუნგშანი ჩინეთის რესპუბლიკის პრეზიდენტად

1911 წლის 8 ოქტომბერს რევოლუციონერებმა შეტევა დაიწყეს ნანძინგის დასაკავებლად, 2 დეკემბერს ნანძინგიც დაიკავეს და შექმნეს ნანძინგის დროებითი მთავრობა.  აშშ-ში დახმარების სათხოვნელად მყოფმა სუნმა კი გაზეთიდან გაიგო უჩანგის აჯანყების წარმატების შესახებ. მიუხედავად ძლიერი სურვილისა დაუყოვნებლივ დაბრუნებულიყო სამშობლოში და ასეთ მნიშვნელოვან დროს ყოფილიყო თანამებრძოლებთან ერთად, მას ახლა დიდი მისია ჰქონდა და ხელცარიელი ვერ დაბრუნდებოდა. მან აშშ-ს მაშინდელ სახელმწიფო მდივანს მისწერა წერილი და საიდუმლო შეხვედრა სთხოვა, თუმცა უშედეგოდ. შემდეგ, ნოემბერში, ის ჩავიდა ლონდონში, სადაც იმედოვნებდა ბრიტანეთისგან დახმარების და კრედიტის მიღებას, თუმცა უშედეგოდ. ამის შემდეგ სუნი საფრანგეთსა და ევროპის სხვა ქვეყნებში გაემგზავრა კრედიტის სათხოვნელად, საბოლოოდ, მან ევროპისგან მიიღო პირობა რომ თუ მართლა გაიმარჯვებდნენ და დაამარცხებდნენ ცინგის დინასტიას ისინი მისცემდნენ მას კრედიტს. სუნ ჭუნგშანს არც ამ ეტაპზე დაუყრია ფარხმალი და ელოდა რესპუბლიკის დაარსების შემდეგ დახმარებას. გზა და გზა კი გაზეთების და წერილების მეშვეობით აცნობდა ხალხს მის იდეებსა და იმედებს.  21 ნოემბერს პარიზიდან გამოაქვეყნა თავისი იდეა საგარეო და საშინაო საქმეებზე, მათ შორის: ქვეყნის სახელი _ ჩინეთის რესპუბლიკა, მთელი ქვეყნისთვის ენა და დამწერლობა უნდა გამხდარიყო საერთო, ჰყოლოდა დამოუკიდებელი არმია, ჰქონოდა დამოუკიდებელი ფინანსების წყარო და ამავდროულად ინვესტიციებისა და ვაჭრობის გზით მიეღო სარგებელი. 

სუნ ჭუნგშანი 25 დეკემბერს ჩავიდა შანხაიში. შანხაიში რევოლუციონერებიც და ხალხიც დიდი სიხარულით და ემოციებით შეეგებნენ სუნ ჭუნგშანს, არც ჟურნალისტების ნაკლებობა ყოფილა, რომელთა მთავარ კითხვას წარმოადგენდა თუ რამდენი ფულით დაბრუნდა სუნი, რაზეც მან უპასუხა: „რევოლუცია ფულის ქონა არ ქონაზე კი არა განწყობაზეა. ამჯერად სამშობლოში ფულის გარეშე დავბრუნდი, მაგრამ რევოლუციური სულით. სანამ რევოლუცია მიზანს ბოლომდე არ მიაღწევს ეს თემა არ განიხილება.“ [5]

29 დეკემბერს ნანძინგში გაიმართა საპრეზიდენტო არჩევნები, 17 პროვინციიდან 16-მა ხმა მისცა სუნ ჭუნგშანის გაპრეზიდენტებას 1-მა კი ხუანგ სინგს. სუნ ჭუნგშანი აირჩიეს ჩინეთის რესპუბლიკის დროებითი მთავრობის პრეზიდენტად. 1912 წლის პირველ იანვარს სუნ ჭუნგშანი შეუდგა პრეზიდენტის მოვალეობის შესრულებას და დაიწყო ჩინეთის რესპუბლიკის ახალი ერა. 

1912 წლის პირველ იანვარს სუნ ჭუნგშანმა გამოაქვეყნა „დროებითი პრეზიდენტის საინაუგურაციო განცხადება“. განცხადების მიხედვით, პრეზიდენტი პირობას დებდა მემკვიდრეობითი მმართველობის გადაცემის გაუქმებასა და რესპუბლიკის დაარსებაზე. ამ განცხადების გამოქვეყნების შემდეგ, ახალმა მთავრობამ სუნის ხელმძღვანელობით მთვარის კალენდარი დასავლური კალენდრით ჩაანაცვლა და 1912 წლის პირველი იანვარი, იქცა ჩინეთის რესპუბლიკის ათვლის თარიღად.  28 იანვარს შეიქმნა დროებითი სენატი, რომელმაც შეიმუშავა „პარლამენტის ორგანიზაციის თეზისი“,  „არჩევნების კანონი“ და  „ჩინეთის რესპუბლიკის დროებითი კონსტიტუცია“.

4 დეკებმერს დედაქალაქად ნანძინგი გამოაცხადეს. ნანძინგის დროებითმა მთავრობამ სუნის ხელმძღვანელობით დაიწყო რეფორმების გატარება. მათ შორის გამოცხადდა ნაწნავის მოჭრის თავისუფლება; ქალისა და კაცის თანასწორობა; აიკრძალა ქალებისთვის ფეხის შეფუთვა, ადამიანებით ვაჭრობა და ნაყიდი მოსახლეობის სტატუსი შეიცვალა დაბალ სოციალურ სტატუსად, დაკითხვების დროს სხეულის ნაწილის მოჭრით წამება, ოპიუმი და აზარტული თამაშები;  მუხლის ჩოქვით პატივის ცემის გამოხატვა ჩანაცვლდა წელში მოხრით; გატარდა განათლების რეფორმა სკოლის სახელი სუეთანგი (学堂)ჩაანაცვლა სუესიაომ(学校), შემუშავდა გაკვეთილების გეგმა, გაზეთებს მიეცა სიტყვის თავისუფლება და ა.შ.  [6]

სუნ ჭუნგშანი პრეზიდენტობის დროსაც ჩვეულებრივ მოქალაქედ გრძნობდა თავს, რაც მონარქიას და იმპერატორის ღვთაებრივობას მიჩვეული ჩინელი ხალხისთვის უცნაურიც კი იყო. სუნ ჭუნგშანი ხშირად დადიოდა მარტო ქუჩაში, ყიდულობდა გაზეთს, საკვებს ა.შ.  არსებობს ჩანაწერი, რომლის მიხედვითაც უკვე პრეზიდენტი სუნი მოხუცს შეხვდა, რომელმაც დანახვისთანავე მუხლი მოიყარა და ტრადიციულად მისალმება დაიწყო, სუნმა წამოაყენა და უთხრა „პრეზიდენტი, მოვალეობის შესრულების დროს არის მოსახლეობის მოსამსახურე“.[7]

11 მარტს ნანძინგის დროებითმა მთავრობამ გამოაქვეყნა „ჩინეთის რესპუბლიკის დროებითი კონსტიტუცია“, რომელიც 7 თავისა და 56 მუხლისგან შედგებოდა და სინხაის რევოლუციის მნიშვნელოვანი ნაყოფია. დროებითი კონსტიტუციის მიხედვით: "ჩინეთის რესპუბლიკა ჩინელი მოსახლეობისგან შედგება." "ჩინეთის რესპუბლიკის მმართველობა ეკუთვნის მოსახლეობას." "ჩინეთის რესპუბლიკის ტერიტორია 12 პროვინციისგან, მონღოლეთის, ტიბეტის და ცინგხაისგან შედგება". "ჩინელი მოსახლეობა არის თანაბარი"   ჩინეთის რესპუბლიკის დროშად ხუთფეროვანი დროშა შეირჩა, რადგან მისი ფერები _ წითელი, ყვითელი, ლურჯი, თეთრი, შავი ცალცალკე წარმოადგენდა ხანის, მანჯურიელების, მონღოლების, ხუეის და ტიბეტელების ეთნიკურ უმცირესობებს. [8]

ნანძინგის დროებითი მთავრობა სინხაის რევოლუციის ნაყოფი იყო, სინხაის რევოლუციის შედეგი იყო. ნანძინგის მთავრობის დაარსებამ დაასრულა ფეოდალიზმი, დაარსა რესპუბლიკა, შეიმუშავა კონსტიტუცია. 27 წლიანი უწყვეტი ბრძოლის შემდეგ სუნ ჭუნგშანის ოცნება ახდა, დაარსდა ჩინეთის რესპუბლიკა. რა თქმა უნდა, ის არ იყო იდეალური, ან იქნებ დრო რომ ჰქონდა ყოფილიყო კიდეც, თუმცა მისი არსებობა სუნ ჭუნგშანის ხელმძღვანელობით მხოლოდ ერთ თვეს და ცამეტ დღეს გაგრძლდა და ბევრი რამ ვერ მოასწრო. ამ ერთ თვესა და ცამეტ დღეში კი სუნ ჭუნგშანმა როგორც ზემოთ ვახსენე, უამრავი რამის შეცვლა მოასწრო, მისცა ჩინელ ხალხს თანასწორობისა და განვითარების პერსპექტივა. 




გამოყენებული ლიტერატურა:

[1] 廖大伟:《1912——初试共和国》,上海世纪出版集团,20044月,第29-30页。

[3] 张宪文:《中华民国史》,第一卷(1912-1927年),南京大学出版社,2005年,第66-67页。

[4] 马敏、彭南生:《辛亥革命史话》,中国出版集团, 20119, 129

[5] 马敏、彭南生:《辛亥革命史话》,中国出版集团, 20119, 225

[6] 金冲及:《辛亥革命的前前后后》,上海辞书出版社, 201110月,第216页。

[7] 郭汉章:《南京临时大总统府三月见问录》,《辛亥革命回忆录》第6集,第294页。

[8] 廖大伟:《1912——初试共和国》,上海世纪出版集团,20044月,第48-49页。

კომენტარები