მაქრსიზმის შესახებ ძირითადი ცნობები პირველად იაპონიიდან შემოვიდა ჩინეთში. მისი გამავრცელებლები ისევ და ისევ ჩინელი სტუდენტები იყვნენ, რომლებიც თარგმნიდნენ და გაზეთების მეშვეობით აცნობდნენ თანამემამულეებს მსოფლიოში მიმდინარე ამბებს. პირველად, 1903 წელს შანხაიში გამოჩნდა წიგნ "სოციალიზმის" თარგმანი. შემდეგ კი 1905 წელს ჩინელები გაზეთ "მინპაოდან" კარლ მარქსს გაეცნენ, 1908 წლის დასაწყისსში სხვა არასამთავრობო გაზეთიდან შეიტყვეს ფრიდრიხ ენგელსის და მისი იდეების შესახებ. თუმცა ამ პერიოდში მარქსისა და ენგელსის იდეებმა ჩინელებზე დიდი გავლენა ვერ მოახდინა.
1911 წლის 10 ივლისს შანხაიში დაარსდა "სოციალიზმის კვლევის ასოციაცია", რომელიც სინხაის რევოლუციის შემდეგ 5 ოქტომბერს რეორგანიზდა სოციალისტურ პარტიად. სოციალისტურ პარტიას ასევე ჰქონდა საკუთარი ორი გაზეთი, რომლითაც სოციალიზმის პროპაგანდას ეწეოდა მთელ ჩინეთში. სოციალისტურმა პარტიამ არა მარტო საერთაშორისო აღიარება, არამედ სუნ ჭუნგშანის მხარდაჭერაც მოიპოვა. მათ გარდა სოციალიზმის პროპაგანდას, ასევე ეწეოდნენ ე.წ. უმთავრობოებიც, მათ შორის ჩინეთის მუშათა ნაციონალური პარტია, უმთავრობო კომუნისტ ამხანაგთა საზოგადოება, ოცდამეთორემტე საზოგადოება და ა.შ.
1912 წლის 10 აპრილს, სუნ ჭუნგშანმა ქალაქ უხანში სიტყვით გამოსვლის დროს ახსენა რომ ქვეყნის სარგებლის დაცვა სოციალიზმის გზით შეიძლებოდა. 1912 წლის ოქტომბერში სუნ ჭუნგშანმა შანხაიში ჩინეთის სოციალისტურ პარტიასთან სამ დღიან სიტყვით გამოსვლაში ისაუბრა თემაზე "სოციალიზმის მიმდინარეობები და კრიტიკა". სუნ ჭუნგშანის შემდეგ სუნგ ძიაოჟენმა, ხუანგ სინგმა და სხვებმაც დაიწყეს სოციალიზმის ხსენება თავიანთ გამოსვლებში. ბოლშევიკური რევოლუციის წარმატების შემდეგ კი ლი ტაჭაომ(李大钊) ამ თემაზე გამოაქვეყნა ორი სტატია _ "უბრალო ხალხის გამარჯვება" და "ბოლშევიზმის გამარჯვება". ბოლშევიკური ოქტობრის რევოლუციის შემდეგ სუნ ჭუნგშანმა მიმოწერა დაიწყო ლენინთან და საერთაშორისო კომუნიზმის სხვა ლიდერებთან.
1919 წლის 4 მაისს დაიწყო პატრიოტული მოძრაობა, რომელსაც "ოთხი მაისის მოძრაობასაც" ეძახიან. ეს ყველაფერი კი გამოიწვია პარიზის სხდომამ, ჩინელები ამ სხდომისგან ელოდნენ დაკარგული სამართლის აღდგენას, ჩინეთიც ხომ გამარჯვებული ქვეყანა იყო ამ ომში, თუმცა "ევროპის ომი დასრულდა, ჩვენ კი დავრჩით ოცნებაში, რა ჰუმანურობაზე, სამართლიანობაზე და გამარჯვებაზეა საუბარი, ომის შემდგომი მსოფლიო აღარ იქნება ყაჩაღი მსოფლიო, იქნება უფრო ადამიანური. ვინ იცოდა ეს სიტყვები მხოლოდ და მხოლოდ ყაჩაღი მთავრობის ყალბი დაპირებები ყოფილა. ვხედავთ, პარიზის სხდომის გადაწყვეტილებებს, რომელს აქვს იოტის ოდენა ჰუმანურობის, სიმართალის, სამართლიანობის, სინათლის ჩრდილი! რომელი არ არის პატარა, სუსტი ერის თავისუფლების, უფლების დიდ ყაჩაღ ქვეყანაზე მსხვერპლად შეწირვა!"
„ოთხი მაისის მოძრაობისა“ და რუსეთში ბოლშევიკების რევოლუციის შემდეგ ჩინელების ყურადღება განსაკუთრებით მიიიქცია მარქსიზმა. ლი ტაჭაომ საჯაროდ აღიარა რომ მოსწონდა მარქსიზმი და ბოლშევიკების რევოლუცია საფრანგეთის დიდ რევოლუციას შეადარა და ამავე წელს შექმნა, ასე ვთქვათ, ახალი ტრენდი, მარქსიზმის კვლევა. მან დაიწყო გაზეთებში ამის შესახებ წერა და დიდ შთაბეჭდილებას ახდენდა მის სტუდენტებზე, განსაკუტრებით ცუ ციოუპაიზე(瞿秋白), ჭანგ კუოთაოზე(张国焘)და მის თანაშემწე მაო წეტუნგზე (毛泽东 მაო ძედუნი). 1919 წლის 5 მაისს კარლ მარქსის დაბადების 101-ე წლისთავზე ლი ტაჭაოს ხელმძღვანელობით "დილის გაზეთის დანამატმა" (晨报副刊)დაიწყო ახალი რუბრიკა "მარქსიზმის კვლევა", რომლის ფარგლებშიც გამოქვეყნდა "კომუნისტური პარტიის მანიფესტი", "პოლიტიკურ-ეკონომიკური სწავლების შესავალი" , "ანაზღაურებადი შრომა და კაპიტალი", რაც მიანიშნებს რომ ნელ-ნელა მარქსიზმის გავრცელება დაიწყო ჩინეთში.
მარქსიზმის პოპულარობაში ასევე დიდი წვლილი მიუძღვის ჩენ ტუსიოუს(陈独秀), რომელიც მონაწილეობდა "ოთხიი მაისის მოძრაობაში", მოგვიანებით ზეწოლის გამო დატოვა პეკინის უნივერსიტეტი და შანხაიში გადავიდა, სადაც დაიწყო მარქსიზმის პროპაგანდა. ჩინეთში ლი ტაჭაოს შემდეგ ის გახდა მარქსიზმის მეორე მნიშვნელოვანი მიმდევარი, 1920 წლის მაისში ორანიზება გაუკეთა მარქსიზმის კვლევის სხდომას, აგვისტოში ჩამოაყალიბა ახალგაზრდული ორგანიზაცია, რომელიც გახდა მომავალი ჩინეთის კომუნისტური პარტიის საფუძველი.
ჩინეთის კომუნისტური პარტიის დაარსება
შანხაიში და პეკინში დაარსდა მარქსიზმის პროპაგანდის ცენტრები, ლი ტაჭაოსა და ჩენ ტუსიოუს მეთაურობით დაიწყო მარქსიზმთან დაკავშირებული ინფორმაციის თარგმნა და გამოცემა, ამ ყველაფერში აქტიურად მონაწილეობდნენ იაპონიიდან დაბრუნებული სტუდენტები. 1920 წელს ითარგმნა და გამოიცა წიგნი "კომუნისტური პარტიის მანიფესტი" , ეს იყო მარქსიზმის პირველი მთლიანი წიგნი, რომელიც ჩინურად ითარგმნა. მაისში შანხაიში დაარსდა მარქსიზმის კვლევის ასოციაცია.
პეკინში ლი ტაჭაოს ირგვლივაც შემოიკრიბა პატარა მარქსისტული ჯგუფი, 1920 წლის მარტში კი პეკინის ყველა პატარა მარქსისტული დაჯგუფება გაერთიანდა. 1920 წლის დასაწყისში ჩინეთში ჩამოვიდა გრიგორი ვოიტინსკი. მარტში ლიმ მასთან გამართა შეხვედრა, შემდეგ შანხაიში ჩენთან გაემგზავრა, საბოლოოდ გადაწყდა შანხაიში ჩენის ლიდერობით პარტიის ერთი ნაწილის შექმნა, ხოლო პეკინში ლის ლიდერობით მეორე ნაწილის, თუმცა რეალურად ისინი წარმოადგენდნენ ერთ ჩინეთის კომუნისტურ პარტიას.
1921 წლის 23 ივლისს გაიმართა ჩინეთის კომუნისტური პარტიის კონფერენცია მასში 57 ორგანიზაციის 12 წარმომადგენელი მონაწილეობდა, ჩენი ამ დროს კუანგჭოუში იმყოფებოდა და მის ორგანიზაციას ჭოუ ფოხაი(周佛海) წარმოადგენდა, ხოლო ლისას ჭანგ კუოთაო.
ამ დროს გავრცელებული იყო გამოთქმა "სამხრეთში ჩენი, ჩრდილოეთში _ ლი". ჩენ ტუსიოუ უფრო ევროპელი მარქისიტებისკენ იხრებოდა და მუშების ძალაზე იყო ორიენტირებული, ხოლო ლი ტაჭაო გლეხების მნიშვნელობას უსვამდა ხაზს, ის ამბობდა რომ გლეხები ჩინეთის მოსახლეობის 90%-ია და სოფლის მეურნეობა იყო ჩინეთის ეკონომიკის ფუძე, ასე რომ რევოლუციის დროს ხაზი უნდა გაესვათ სოფლის მოსახლეობის მნიშვნელობაზე. ის სოფლის მოსახლეობაში ხედავდა ჩინეთის ხსნას. ლი ტაჭაომ დიდი გავლენა მოახდინა მის თანაშემწე მაო წეტუნგზეც (მაო ძედუნი), რომელიც 1918 წელს აზიარა მარქსიზმს.
1922 წლის ივლისში, ჩინეთის კომუნისტურმა პარტიამ მიიღო გადაწყვეტილება სხვა პარტიებთან ერთად ებრძოლა ჩრდილოელი მხედართმთავრების მთავრობისა და იმპერიალისტების წინააღმდეგ. ამავე წელს ქალაქ ხანგჭოუში დასავლეთის ტბაზე გამართულ სხდომაზე გადაწყვიტეს ინდივიდუალურად გაწევრიანებულიყვნენ ნაციონალურ პარტიაში იგივე კუომინტანგში და თანამშრომლობით გაეწიათ წინააღმდეგობა მხედართმავრებისთვის. ამის შემდეგ, ჩენ ტუსიოუ, ლი ტაჭაო შეხვდნენ სუნ ჭუნგშანს და გააცნეს თავიანთი იდეა კუომინტანგში ინდივიდუალურად გაწევრიანების შესახებ. ასე დაიწყო ორი პარტიის თანამშრომლობა და კუომინტანგის იგივე ნაციონალური პარტიის რეორგანიზაცია.
1923 წლის იანვარში, საბჭოთა რუსეთის წარმომადგენელი ადოლფ აბრამოვიჩ ჯოფი ჩამოვიდა შანხაიში სუნ ჭუნგშანთან მოლაპარაკებებზე. 26 იანვარს გამოაქვეყნეს "სუნ ვენისა და აბრამოვიჩის მანიფესიტი", რომლის მიხედვითაც საბჭოთა რუსეთი მხარს უჭერდა ჩინეთის რევოლუციას და ჩინეთთან მშვიდობიან ურთიერთობას.
1924 წლის 20 იანვრიდან 30 იანვრამდე ქალაქ კუანგჭოუში გაიმართა კუომინტანგის მთელი ქვეყნის წარმომადგენელთა სხდომა, სუნ ჭუნგშანი იყო სხდომის თავმჯდომარე. დამსწრეთა 14% კი კომუნისტური პარტიის წევრი. ამ დღიდან ოფიციალურად დაიწყო ჩინელი კომუნისტებისა და ნაციონალების თანამშრომლობა. ამავე დღეს სუნ ჭუნგშანმა თავიდან განიხილა ხალხის სამი პრინციპი, რომელიც "ხალხის ახალ სამ პრინციპად" არის ცნობილი.
გამოყენებული ლიტერატურა:
李大钊:《秘密外交与强盗世界》,《每周评论》第22号;
谢从高著:《共产国际与马克思主义在中国的传播 》,人民出版社,2021年;
许晴:《中国共产党早期基层党员群体传播唯物史观研究(1921-1927)》,南京师范大学,2021年;
李阎:《中国共产党文化建设思想与实践的发展向度研究》,河北大学,2021年;
金冲及:《辛亥革命的前前后后》,上海辞书出版社, 2011年;
马敏、彭南生:《辛亥革命史话》,中国出版集团,2011年;
徐中约,《中国近代史:1600-2000中国的奋斗》,后浪出版公司005-02;