თაიწუ აისინძუელუო ნურხაჩი(太祖爱新觉罗努尔哈赤), რომელსაც ინგლისურ ენოვან წყაროებში აისინი გიორო ნურჰაციდაც შევხვდებით, დაიბადა 1559 წლის 21 თებერვალს. ნურხაჩის მამას თა ქეშის (塔克世)სამი ცოლი ჰყავდა. ნურხაჩის დედა სითალაში ემუცი( 喜塔腊氏额穆齐)კი ნიუჭენების იგივე ჯურხენების ყველაზე ძლიერი ტომის ბელადის ვანგ კაოს(王杲) შვილი იყო.
15 წლის ასაკში ნურხაჩი თავის უმცროს ძმასთან ერთად ბაბუასთან, დედის მამასთან გადავიდა საცხოვრებლად. 1575 წელს ვანგ კაო მინგის დინასტიის ლიაოტონგის გენერალ ლი ჩენგლიანგთან(李成梁) ბრძოლაში დაიღუპა, ნურხაჩი და მისი ძმა კი ტყვედ ჩავარდა. ლი ჩენგლიანგმა არათუ არ მოკლა ნურხაჩი და მისი ძმა, არამედ თავის შუთუნგად დანიშნა.
ნურხაჩის მშობლებიც და წინაპრებიც მინგის დინასტიას ემსახურებოდნენ, შესაბამისად, ნურხაჩის ოჯახი გარკვეულწილად ჩინური კულტურის გავლენის ქვეშ იყო, ჩინური ენაც იცოდნენ და ნურხაჩის ლი ჩენგლიანგის შუთუნგობამდე სწორედ ამ გარემოებამ გაუკვალა გზა. ლი ჩენგლიანგის გვერდით ნურხაჩის ცოდნა არა მხოლოდ ჩინური კულტურისა და ენის მიმართ გაიზარდა, არამედ საბრძოლო საქმეც შეისწავლა.
3 წლის შემდეგ ნურხაჩი სახლში დაბრუნდა, იქორწინა თუნგძიაშიზე (佟佳氏) და ვაჭრობას მიჰყო ხელი. ვაჭრობის პარალელურად გაიცნო და დაუახლოვდა ხანელ და მონღოლ ხალხს.
ნურხაჩის მიერ ნიუჭენების გაერთიანება
ვანგ კაოს სიკვდილის შემდეგ მისი შვილი ათაი(阿太) შურისძიების მიზნით ხშირად აწყობდა თავდასხმებს მინგის არმიაზე. საბოლოოდ, მისი ქალაქი მინგის არმიის ალყაში მოექცა, მეორე ქალაქის მმართველმა წარმოშობით ასევე ნიუჭენმა ნიქან ვაილანმა (尼堪外兰)მოისყიდა მცველები და უთხრა ვინც ათაის მოკლავდა, ქალაქის მმართველობასაც მას მისცემდა, რეალურად კი გზა გაუხსნა მინგის არმიას, ლი ჩენგლიანგის მეთაურობით, რომელმაც ამოხოცა მთელი მოსახლეობა, მათ შორის ნურხაჩის ბაბუა და მამა, ეს უკანასკნელნი კი იმ ქალაქში თავიანთი შვილის ათაის ცოლის გამოსაყვანად და გადასარჩენად შევიდნენ.
გაბრაზებული ნურხაჩი ლი ჩენგლიანგისგან ითხოვდა პასუხს მამის და ბაბუის მკვლელობაზე, რომლსაც ლი ჩენგლიანგი გაუგებრობით ხსნიდა. ბოლოს ნურხაჩიმ მოითხოვა ნიქან ვაილანის მოკვლის უფლება მიეცა, თუმცა ლი ჩენგლიანგისგან უარი მიიღო. ნურხაჩიმ დაიწყო ბაბუისა და მამის ტიტულისა და თანამდებობის გაგრძელება, რამდენიმე თვის შემდეგ კი მოკლა ნიქან ვაილანი და მისი ქალაქიც შემოიერთა.
ნიქან ვაილანის ქალაქის თულუნის შემდეგ, ხაისის ნიუჭენელების შემოერთება იქცა მიზნად. 1593 წელს იეხე პეილეს(叶赫贝勒) მიერ ნიუჭენების გაერთიანებული 30 000-იანი არმია დაუპირისპირდა ნურხაჩის, თუმცა ნურხაჩიმ დაამარცხა ისინი და საბოლოოდ, საფუძველი ჩაუყარა ნიუჭენების გაერთიანების დასაწყისს. ეს ბრძოლა ისტორიაში გულეშანის ბრძოლის(古勒山之战) სახელით შევიდა.
1592-1593 წლებში ნურხაჩი მინგის დინასტიის სასარგებლოდ იაპონელების წინააღმდეგ იბრძოდა, რის გამოც მინგის მმართველებმა მას „დრაკონისა და ვეფხვის გენერლის“ (龙虎将军)წოდებაც კი უბოძეს.
1601 წელს ნურჰაციმ დაარსა „რვა დროშიანი სამხედრო სისტემა“, სადაც მხედართმთავრები ორ ნაწილად იყოფოდნენ, პირველი ოთხიდან თითოეულს ყავდა 300 კაციანი არმია და სხვადასხვა ფერის დროშები: ყვითელი, თეთრი, ლურჯი და წითელი. მეორე ოთხის დროში ფერები იგივე იყო, ოღონდ თეთრ დროშაზე დატანილი იყო წითელი სიმბოლო, ხოლო წითელზე თეთრი. მოგვიანებით მათი ჯარისკაცების რაოდენობა 7 500 ადამიანამდე გაიზარდა.
ის ასევე კარგად ერკვეოდა ვაჭრობაშიც, რამაც ხელი შეუწყო ნიუჭენების ტერიოტორიაზე სავაჭრო მონოპოლია მოეპოვებინა, მან თავისი გამჭრიახობით და სიძლიერით მონღოლების გულიც მოიგო, რომლებმაც 1607 წელს „კუნტულუნის ხანობა“ მიანიჭეს. 1608 წელს კი მან მინგის დიანსტიასთან მიაღწია შეთანხმებას, რომლის თანახმადაც ლიაოტონგის მთავარი მმართველი ის ხდებოდა და ხანის ხალხს ეკრძალებოდათ იქ ჩასახლება.
1616 წელს ნურხაჩიმ საბოლოოდ გაანადგურა იეხეს არმია და შემოიერთა ხაისი. ძიენჭოუს და ხაისის გაერთიანების პარალელურად შემოიერთა ტუნგხაიც.
ძინის სახანოს დაარსება
1616 წელს ნურხაჩიმ გამოაცხადა სახანოს დაარსება, სახელად ძინი, სწორედ ასე დაიწყო გვიანი ძინის დინასტია. ამის შემდეგ ნურხაჩიმ დაიწყო სამფლობელოს ეკონომიკური და სამხედრო მომზადება მინგის წინააღმდეგ ბრძოლისთვის. 1618 წელს კი საჯაროდ დადო ფიცი რომ მინგის დინასტიას დაამხობდა.
1619 წელს მინგის დინასტიის 100 000-იანმა არმიამ ოთხი მიმართულებით შეუტია ნურხაჩის მიერ დაკავებულ ქალაქ ხეთუალას(赫图阿拉) და 1619 წლის 1 მარტს მოხდა სარჰუს ბრძოლა(萨尔浒大战), რომელშიც ნურხაჩის არმიამ დაამარცხა მინგის არმია. გაქცეულებზე უკან დადევნებულმა ნურხაჩის არმიამ გზად შეიტყო მინგის არმიის სხვა ორი დანაყოფი ხეთუალაზე აპირებდა შეტევას და სასწრაფოდ უკან გაბრუნდა. 4 000-იანი არმიით დაიცვა ქალაქი და წინააღმდეგობა გაუწია გენერალ ლი ჟუპოს(李如伯) არმიას. ამ ცნობილ სარჰუს ბრძოლაში, ნურხაჩიმ 5 დღეში რამდენიმე ათეულ ათასიანი მინგის არმია დაამარცხა და მინგის გავლენა შეამცირა ჩრდილო-აღმოსავლეთში.
1620 წელს იმპერატორი ვანლი ავადმყოფობით გარდაიცვალა. ნურხაჩიმ კი ისარგებლა იმპერატორის გარდაცვალებით გამოწვეული არეულობით და 1621 წლის მაისში დაიკავა ქალაქები ლიაოიანგი და შენიანგი .
1625 წელს თავისი დედაქალაქი შენიანგში გადმოიტანა. 1626 წელს ქალაქ ნინგიუენზე გაილაშქრა. ამ ბრძოლაში ის პირველად დამარცხდა. ამ ბრძოლაში მიღებულ ჭრილობებს დამატებული ასაკით გამოწვეული სისუტით, ბრძოლიდან 6 თვის შემდეგ, 68 წლის ასაკში გარდაიცვალა აისინძუელუო ნურხაჩი.
შენიშვნა:
太祖 თაიწუ ეს ტერმინი გამოიყენება სახელმწიფოს ან დინასტიის დამაარსებელი იმპერატორისთვის.
爱新觉罗 აისინძუელუო არის ცინგის დინასტიის მანჯურიელი იმპერატორების გვარი.
书童 შეიძლება ითქვას შუთუნგი არის ერთგვარი თანამდებობა. ძველ ჩინეთში 6 სახის შუთონგი არსებობდა:
- სახლის საქმეებში და შვილის აღზრდაში ეხმარებოდა პატრონს;
- წინგთსაცავში ან წიგნების ოთახში წიგნების დალაგებაში ეხმარებოდა პატრონს;
- პასუხისმგებელი იყო პატრონის უსაფრთხოებაზე;
- ეხმარებოდა პატრონს საქმეების დაგეგმვაში;
- ეხმარებოდა პატრონს სწავლაში, მასთან ერთად სწავლობდა, მოგზაურობდა, იკვლევდა და ა.შ.
- პატრონის ფიზიკური მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად იყო.
贝勒 პეილე მანჯურიელი თავადაზნაურების წოდება.
昆都仑 Kundulun ქუნტულუნი რაიონი ქალაქ პაოთოუში, შიდა მონღოლეთის ავტონომიურ რეგიონში.
辽阳 Liaoyang ლიაოიანგი ქალაქი ლიაონინგის პროვინციაში, ჩინეთის ჩრდილო-აღმოსავლეთში.
沈阳 Shenyang შენიანგი ლიაონინგის პროვინციის მთავარი ქალაქი.
赫图阿拉 Hetuala ხეთუალა მდებაორეობს ლიაონინგის პროვინციის სინპინგის მანჯურიელების ავტონომიურ რაიონში.
宁远 Ningyuan ნინგიუენი რაიონი იუნგჭოუში, ხუნანის პროვინციაში.
გამოყენებული ლიტერატურა:
善从:《中国皇帝全传》,中国华侨出版社,2011年;
稻叶君山:《清朝全史》,上海三联书店出版社,2021年;
常建华:《清朝大历史》,中华书局出版,2020年;
徐中约,《中国近代史:1600-2000中国的奋斗》,后浪出版公司005-02;
张生:《清太祖努尔哈赤传奇》,《侨园》, 2021年;
郭晔旻:《从“十三遗甲起兵”到“告天七大恨”努尔哈赤的崛起》,《国家人文历史》, 2019年;