Chinesestories

სტუდენტების წვლილი სინხაის რევოლუციაში

სტუდენტების წვლილი სინხაის რევოლუციაში

1986 წელს, ჩინეთ-იაპონიის პირველი ომის პირველ წელს ცინგის მთავრობამ 13 ჩინელი სტუდენტი გაგზავნა იაპონიაში სასწავლებლად, რომლებსაც ამზადებდნენ მთარგმნელ-თარჯიმნებად. 1901 წლიდან საზღვარგარეთ სასწავლებლად წასული სტუდენტების რიცხვმა მატება დაიწყო. 

1905 წლის მეორე ნახევრიდან ცინგის დინასტიამ ნელ-ნელა დაიწყო განათლების რეფორმა, უცხოეთში ნასწავლი სტუდენტები ქვეყანაში დაბრუნების შემდეგ საქმდებოდნენ რეფორმირებულ სკოლებში, რაც ერთი მხრივ ხელს უწყობდა მოსწავლეების მსოფლხედველობის შეცვლასაც, რომლებმაც ნელ-ნელა დაივიწყეს „იმპერატორის უზენაესობა“, ისწავლეს „ჩინეთის“ და „ცისქვეშეთის“ ერთმანეთისგან განსხვავება, დაიწყეს გარე სამყაროს შეცნობა და საკუთარი ქვეყნის მდგომარეობის გააზრება. გარკვეულწილად გაეცნენ კაპიტალიზმს, კაპიტალისტურ აზროვნებას, დემოკრატიას, თავისუფლებას. ბევრმა დაიწყო ფიქრი დასავლური პრინციპების ჩინეთში  გავრცელებაზე. 

მართალია, ეს ყველაფერი დასაწყისში მხოლოდ ილუზია იყო და ამ სტუდენტებს არ ჰქონდათ არანაირი ძალაუფლება შეეცვალათ ქვეყანა, თუმცა მათი მსოფლმხედველობის ცვლა გახდა წინაპირობა საზოგადოების მსოფლმხედველობის შეცვლისა და ნელ-ნელა ხალხში ჩაისახა ახალი, უკეთესი სახელმწიფოს შექმნის იმედიც. 

საზღვარგარეთ სასწავლებლად წასული სტუდენტები პროფესიული განათლების მიღების გარდა, მიღებული განათლებით და ახალი გარესამყაროს შესწავლით საკუთარი სამშობლოს მდგომარეობის გაუმჯობესებაზე ფიქრობდნენ. ცნობილი ჩინელი მწერალი ლუ სუნი წერს: “ სტუდენტები როგორც კი ჩავედით იაპონიაში, მაშინვე დავიწყეთ ახალი ცოდნის ძებნა. გარდა იმისა რომ ვსწავლობდით იაპონურ ენას, ვემზადებოდით სპეციალობის სკოლაში მოსახვედრად, დავრბოდით ბიბლიოთეკებში, წიგნის მაღაზიებში, ვაწყობდით შეკრებებს, ვუსმენდით სიტყვით გამოსვლებს“. 

 

სტუდენტების მიერ გაზეთებით გავრცელებული რევოლუციის იდეა

1901 წლის 10 მაისს ტოკიოში ჩინელმა სტუდნეტებმა რევოლუციური გაზეთის „კუომინპაოს“ გამოცემა დაიწყეს, რომლებსაც ფინანსური დახმარება სუნ ჭუნგშანმა გაუწია. ისინი გაზეთის მეშვეობით ავრცელებდნენ ახალ, თანამედროვე მსოფლმხედველობას, საუბრობდნენ ჩინეთის გათანამედროვებაზე და ა.შ. რის შემდეგაც, ნელ-ნელა სტუდენტური გაზეთების რიცხვი გაიზარდა, რუსეთის მიერ ჩინეთის ჩრდილო-აღმოსავლეთის დაკავების და ჩინეთის მიერ „ბოქსიორების პროტოკოლზე“ ხელმოწერის შემდეგ კი ამ სტუდენტების ყველა გაზეთმა რევოლუციური ხასიათი მიიღო. 

1909 წლიდან 1911 წლის ბოლომდე რევოლუციის გამო ბევრმა სტუდენტმა მიატოვა სწავლა, დაბრუნდა სამშობლოში და კიდევ უფრო აქტიურად ჩაერთო რევოლუციაში. სამშობლოში დაბრუნებულებს თან მოჰქონდათ, რევოლუციური გაზეთები და მათი ხალხში გავრცელებით ეწეოდნენ პროპაგანდას.

გარდა ამისა, აღასანიშნია სტუდენტების მიერ დაარსებული მთარგმნელთა ორგანიზაციები და გაერთიანებები, რომლებიც აქტიურად თარგმნიდნენ სხვა ქვეყნების რევოლუციურ გამოცდილებებს, ცხოვრებას, კულტურას და ა.შ. 

წოუ ჟუნგი და „რევოლუციის არმია“

წოუ ჟუნგი 1902 წელს ჩავიდა იაპონიაში სასწავლებლად, საიდანაც დიდ ინტერესს იჩენდა სამშობლოში მიმდინარე პრობლემებთან დაკავშირებით, მეორე მხრივ კი ეცნობოდა ბურჟუაზიული რევოლუციის იდეებს, ეძებდა მონარქიული მმართველობის დამხობის, იმპერიალისტების წინააღმდეგ ბრძოლის მეთოდებს. 

1903 წლის მაისში გაზეთმა „სუპაო“-მ გამოსცა წოუ ჟუნგის წიგნი _  „რევოლუციის არმია“. ამ წიგნში ის წერდა ჩინეთის დემოკრატიულ რევოლუციაზე, მის პრობლემებზე, წარმოადგინა „ჩინეთის რესპუბლიკის“ 25 თავიანი პოლიტიკური პროგრამა, აღწერა სუნ ჭუნგშანის „რესპუბლიკის მშენებლობის“ იდეა, მკითველს მოუწოდებდა ცინგის დინასტიის დამხობისა და მონარქიული მმართველობის წინააღმდეგ. 

პასუხად, ცინგის დინასტიამ დააკავა წოუ ჟუნგი და დახურა გაზეთ „სუპაოს“ გამომცემლობა. წოუ ჟონგი ორი წლით ჩასვეს ციხეში, თუმცა გათავისუფლებამდე ორი თვით ადრე ციხეშივე გარდაიცვალა.

„რევოლუციის არმია“ კი მალევე გახდა პოპულარული როგორც ჩინეთში ისე ჩინეთს გარეთ. 1904 წელს სუნ ჭუნგშანმა ამ წიგნის 11 000 ეგზემპლარი დაბეჭდა  და გააგზავნა ამერიკის კონტინეტზე მცხოვრებ ჩინელ ემიგრანტებთან. 1906 წელს მან  კვლავ დაბეჭდა 20 000 ეგზემპლარი და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში მყოფ ჩინელ ემიგრანტებს გაუგზავნა...

ჩინელი რევოლუციონერების ლიგა

სტუდენტები გაზეთების გამოცემისა და მთარგმნელობითი საქმიანობის გარდა აარსებდნენ ასოციაციებსა და ორგანიზაციებს. მათ შორის უმნიშვნელოვანესია ჩინელი რევოლუციონერების ლიგა.

1905 წლის 19 ივლისს სუნ ჭუნგშანი ჩავიდა ტოკიოში, სადაც 30 ივლისს გამართა ჩინელი რევოლუციონერების ლიგის, იგივე „თუნგმენგხუეის“, მოსამზადებელი შეხვედრა. 

ჩინელი რევოლუციონერების ლიგის დაარსება ჩინეთის ისტორიაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოვლენაა. ამ ლიგაში გაერთიანდა რევოლუციონერების უმეტესობა, საბოლოოდ შეიმუშავეს ცინგის დინასტიის გადატრიალების გეგმა, ლიგის წევრების მნიშნელოვანი წევრების უმრავლესობა კი სტუდენტი იყო.

ჩინეთის გაერთიანებული ლიგის მოსამზადებელმა სხდომამ დაამტკიცა 16 იეროგლიფის თეზისი „ჩამოვაგდოთ მანჯურიელები, აღვადგინოთ ჩინეთი, შევქმნათ რესპუბლიკა, გავათანაბროთ მიწის უფლებები“, რომელიც უკვე მოიცავდა სუნ ჭუნგშანის ხალხის სამი პრინციპის იდეის საწყისებს.

26 ნოემბერს ჩინეთის გაერთიანებულმა ლიგამ დაიწყო გაზეთ „მინპაოს“ გამოცემა, რომელშიც სუნ ჭუნგშანმა პირველად საჯაროდ დაწერა სამი დიდი იდეის „ეროვნულობის“, „დემოკრატიული უფლებების“ და „ხალხის სიცოცხლის“ შესახებ.

ჩინეთის გაერთიანებული ლიგა თავისი არსებობის მანძილზე უწყვეტად აწყობდა შეიარაღებულ აჯანყებებს, რომლებსაც სუნ ჭუნგშანი ან ხუანგ სინგი ხელმძღვანელობდნენ და ყველა მათგანში იაპონიიდან თუ სხვა ქვეყნებიდან დაბრუნებული სტუდენტები მონაწილეობდნენ. 



შენიშვნა:

გაზეთი „კუომინპაო“ ჩინურად ჩაიწერება როგორც 国民报

გაზეთი „სუპაო“ ჩინურად ჩაიწერება როგორც 苏报

წოუ ჟუნგი ჩინურად ჩაიწერება როგორც 邹容

„რევოლუციის არმია“ ჩინურად ჩაიწერება როგორც 革命军

ჩინელი რევოლუციონერების ლიგა იგივე „თუნგმენხუეი“ ჩინურად ჩაიწერება როგორც 同盟会

გაზეთი „მინპაო“ ჩინურად ჩაიწერება როგორც 民报

ხუანგ სინგ ჩინურად ჩაიწერება როგორც 黄兴

 

გამოყენებული ლიტერატურა:

李浩:《论辛亥革命前留日风潮对民智的开启》,《新乡学院学报》,第5期,2016年;

周飞:《辛亥革命前的留日学生》,《兰台世界》,2014年;

魏善玲:《留日学生创办期刊及其对辛亥革命的影》,《编辑之友》,20122;

金冲及:《辛亥革命的前前后后》,上海辞书出版社, 2011;

鲁迅:《因太炎先生而想起的二三事》,《且介亭杂文末编》2018;

კომენტარები