Chinesestories

სუნ ჭუნგშანი და რევოლუციის დასაწყისი

სუნ ჭუნგშანი და რევოლუციის დასაწყისი

სუნ ჭუნგშანს, რომელიც დასავლურ წყაროებში ცნობილია როგორც სუნ იატსენი, დღეს ყველა ჩინელი, მიუხედავად პოლიტიკური შეხედულებებისა ერთხმად უწოდებს ჩინეთის ერის მამას.

სუნ ჭუნგშანი იგივე სუნ იატ-სენი  (1866-1925), 1866 წლის 12 ნოემბერს კუანგჭოუს ახლოს სიანგშანის დაბის(დღეს ჭუნგშანის ქალაქი) ცუეი ხენგის სოფელში ღარიბი გლეხის ოჯახში დაიბადა. მან თავისი ცხოვრების მანძილზე ბევრჯერ შეიცვალა სახელი, 1897 წელს რევოლუციაში მონაწილეობის შემდეგ, 31 წლისამ იაპონიაში პოლიტიკურ თავშესაფრის ძიების დროს დაირქვა _ ჭუნგ შანციაო, რის შემდეგაც ხალხის უმეტესობა ბატონ ჭუნგშანად მოიხსეინიებდა და ამის შემდეგ მისი სახელიც ჩამოყალიბდა როგორც სუნ ჭუნგშანი.  

სუნის უფროსი ძმა 15 წლის ასაკში წავიდა ჰონოლულუში (ჰავაი, აშშ) სამუშაოდ. სუნმა 6 წლის ასაკში დაიწყო სკოლაში სიარული, პარალელურად დასთან ერთად სოფელში ღორებსა და ძროხებს მწყემსავდა.

1878 წლის მაისში, როდესაც სუნი 12 წლის იყო, დედასთან ერთად გაემგზავრა ჰონოლულუზე ძმასთან ერთად სამუშაოდ. მან იქ ჯერ ძმის მაღაზიაში დაიწყო მუშაობა, მეორე წელს იოლანის სკოლაში გააგრძელა სწავლა, სადაც სამი წელი სწავლობდა.  1883 წელს 17 წლისამ დაამთავრა ოაჰუს კოლეჯი. შემდეგ წელს კი სუნი სამშობლოში დაბრუნდა.

 3-4 თვე იცხოვრა თავის სოფელში, სადაც რთული აღმოჩნდა მისთვის იმ ყველაფერთან შეგუება რაც დახვდა. ერთ დღესაც ცრუმორწმუნეობის წინააღმდეგ გამოვიდა, რის გამოც სოფლის დატოვებაც კი მოუწია და ჰონგკონგში გაემგზავრა. იქ ბრიტანეთის მიერ გახსნილ კოლეჯში გააგრძელა სწავლა, 1886 წელს კოლეჯის დასრულების შემდეგ მედიცინის შესწავლა გადაწყვიტა, დაბრუნდა კუანგჭოუში და ამერიკელი ქრისტიანების მიერ დაარსებულ სამხრეთ ჩინეთის სამედიცინო სასწავლებელში გააგრძელა სწავლა. პარალელურად კითხულობდა სამშობლოს ისტორიას და მისი მდგომარეობის გაუმჯობესებაზე ფიქრობდა. კოლეჯში მან გაიცნო ჭენგ შილიანგი, რომელთან ერთადაც ხშირად განიხილავდა რევოლუციის აუცილებლობას, მათ მალევე გაუჩნდათ საიდუმლო საზოგადოების შექმნის იდეა. 1987 წლის ოქტომბერში დაარსდა ჰონგკონგის დასავლური მედიცინის კოლეჯი, სადაც სუნ ჭუნგშანმა 5 წელი ისწავლა და იყო საუკეთესო სტუდენტი კურსდამთავრებულებს შორის. სწავლის პარალელურად კი თანამოაზრეებს იძენდა და რევოლუციაზე ფიქრობდა. ხუთი წლის შემდეგ წარმატებით დაამთავრა სწავლა და 1892 წელს მაკაოში დაიწყო საექიმო პრაქტიკა. ერთი წლის შემდეგ გადავიდა კუანგჭოუში საცხოვრებლად, სადაც ღარიბებს სთავაზობდა უფასო მკურნალობას, მეორე მხრივ აქ კიდევ უფრო მეტ ადამიანს იცნობდა და აფართოვებდა სამეგობრო წრეს.

რევოლუციის დასაწყისი

ჩინეთის მდგომარეობის შემყურე სუნ ჭუნგშანი იაზრებდა რომ მხოლოდ ცინგის დინასტიის დამხობა და რესპუბლიკის დაარსება არ იყო საკმარისი, ხალხში უნდა აღეძრა და გაეძლიერებინა ეროვნულობის გრძნობა, რის საფუძველზეც შეიძლებოდა სამშობლოსთვის სულის ხელახლა შთაბერვა და ხალხის დამოუკიდებლობის შენარჩუნება.

რის გამოც 1894 წლის ზაფხულში, სუნმა ლი ხუნგჭანგს წერილი გაუგზავნა, რომელშიც წერდა რომ დასავლური ქვეყნები განვითარებულები არიან, რადგან ისინი საკუთარ მიწასა და ხალხს ეყრდნობიან და არა სხვა ქვეყნის გემებსა და ვაჭრობას, ურჩევდა რომ განათლება ყველასთვის უფასო და ხელმისაწვდომი გაეხადა, რათა განევითარებინათ მოსახლეობის ნიჭი და ქვეყნისავე სასიკეთოდ გამოეყენებინათ. ის წერილში ასევე წერდა რომ თავად საზღვარგარეთ მიიღო განათლება, მედიცინასთან ერთად შეისწავლა ენები, ლიტერატურა, პოლიტიკა და მათემატიკა. განსაკუთრებით ხაზს უსვამდა : „განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევ ქვეყნის გამდიდრებასა და არმიის გაძლიერებას, ხალხის ჩართულობითა და მეთაურობით“.  მაგრამ ამ დროს ლი იაპონიასთან ომით იყო დაკავებული და პასუხად ომის შემდეგ ვნახოთო უთხრა.  

შემდეგ სუნმა გადაწყვიტა აქტიურად მოეძებნა საზღვარგარეთ მყოფი ჩინელების, საიდუმლო საზოგადოებების, ქრისტიანების, მისიოენერების დაჯგუფებები და გაეცნო მათთვის თავისი იდეა, მიეღო მათი მხარდაჭერა და დახმარება. 

1894 წელს სუნი მიემგზავრება ჰონოლულუზე და თავისი ძმის მხარდაჭერით 24 ნოემბერს აარსებს ჩინეთის აღორძინების ასოციაციას იგივე „სინგჭუნგხუეის“(兴中会)

სუნ ჭონგშანმა თავის თანამოაზრეებთან ერთად 26 ოქტომბერს რევოლუციის  დაწყება დაგეგმა, მაგრამ ეს ინფორმაცია გავრცელდა. რევოლუციონერებმა დაკარგეს იარაღ, 48 რევოლუციონერი კი მოკლეს. სუნ ჭუნგშანს კი ქვეყნის დატოვება მოუხდა და იაპონიას შეაფარა თავი, სადაც მან პროტესტის ნიშნად მოიჭრა გრძელი ტრადიციული ნაწნავი და ჩაიცვა დასავლური ტანსაცმელი.

მართალია, აჯანყება მარცხით და დიდი ზარალით დასრულდა რევოლუციონერებისთვის, მაგრამ სუნ ჭონგშანის რევოლუციური აქტივობები არ შემწყდარა, მეტიც ჩინელ ხალხში ის იქცა რევოლუციის და რევოლუციონერების სიმბოლოდ. 

 

შენიშვნა:

სუნ ჭუნგშანი ჩინურად ჩაიწერება როგორც 孙中山

ლი ხუნგჭანგი ჩინურად ჩაიწერება როგორც 李鸿章

ჭენგ შილიანგი ჩინურად ჩაიწერება როგორც 郑士良



გამოყენებული ლიტერატურა:

金冲及:《辛亥革命的前前后后》,上海辞书出版社, 201110月;

尚 明 轩:《孙中山传》(上),西苑出版社,2013 2月;

沈渭滨:《孙中山与辛亥革命》,上海人民出版社,2016年;

孙中山基金会:《孙中山与辛亥革命:1911》,社会科学文献出版社,2012年;

谷小水:《辛亥革命与新中国》,中山大学出版社,2015年;

徐中约,《中国近代史:1600-2000中国的奋斗》,后浪出版公司005-02

迟云飞:《孙中山与晚清革命党人社会背景的再认识》,史学月刊,2013年。

კომენტარები