Chinesestories

ცინგის დინასტიის დაარსება

ცინგის დინასტიის დაარსება

ცინგის დინასტია ჩინურად ჩაიწერება როგორც 清朝. ის არის ჩინეთის უკანასკნელი დინასტია, რომელიც ეთნიკური უმცირესობის, მანჯურიელების მიერ დაარსდა. მისი მმართველობის წლები იყო 1616-1911. 

1600 წლიდან ჩინეთის ისტორიაში იწყება ახალი პერიოდი, ჩინეთის მმართველ მინგის დინასტიას ნელ-ნელა მანჯურიელები ამარცხებენ და აარსებენ ცინგის დინასტიას, მათი მმართველობის მეორე ნახევრიდან ჩინეთში შემოდიან დასავლელი მკვლევრები, ვაჭრები, მისიონერები, რომლებსაც შემოაქვთ სრულიად განსხვავებული კულტურა, მეორე მხრივ რუსები უახლოვდებიან ჩინეთს, რომლებმაც თავიანთი საზღვარი მანჯურიამდე გადმოიტანეს.

ისტორიულად მანჯურიელები არიან იგივე ნიუჭენები (ან ჯურხენების ეროვნება), რომლებიც ცხოვრობდნენ დღევანდელი ჩინეთის აღმოსავლეთ-ჩრდილოეთით. მე-12 საუკუნეში ჯურხენებმა ანუ ნიუჭენებმა, დაარსეს ძინის დინასტია(1115-1234) და დიდ საფრთხეს უქმნიდნენ სამხრეთ სუნგის დინასტიას(1127-1279) . მიუხედავად იმისა, რომ ჯურხენების სამეფო იუენის დინასტიის დროს მონღოლების გავლენის ქვეშ მოექცა და ძინმა როგორც დინასტიამ შეწყვიტა არსებობა, მინგის დინასტიის დაარსების შემდეგ ისინი კვლავ იბრუნებენ, მინგის დინასტიაზე დამოკიდებულ, მაგრამ შედარებით თავისუფალ მდგომარეობას. ამ დროს ისინი საცხოვრებლის მიხედვით ოთხ ნაწილად იყოფოდნენ: ძიენჭოუში (建州), ხაისიში(海西), ტუნგხაისა (东海) და ხეილონგძიანგში (黑龙江) მცხოვრებნი. 

მარტივად რომ ვთქვათ, ეს ხალხი ცხოვრობდა და მომთაბარეობდა კორეის ჩრდილოეთით, ლიაოტონგის აღმოსავლეთ და აღმოსავლეთ-ჩრდილოეთ ნაწილში. თუმცა ლიაოტუნგის (辽东)ტერიტორიაზე ხანის ხალხიც ცხოვრობდა, რომლის გავლენის ქვეშაც მოექცა ეს მომთაბარე ტომი. მათ ხანის ხალხისგან ისწავლეს მიწის დამუშავება, ციხე-სიმაგრეების და სახლების შენება და ა.შ. მე-16 საუკუნის დასაწყისიდან უფრო და უფრო მეტი ხანელი სახლდება ნიუჭენების გვერდით. ამავე პერიოდში გამოიკვეთება ჯურხენების დიდებული ლიდერი, რომელსაც გამოყავს ისინი ვასალური მდგომარეობიდან. 

ძიენჭოუში რადგან ხანის ხალხიც ცხოვრობდა და ნიუჭენებიც, მინგის დინასტიამ მმართველობა გაყო ორ ტიპად ძიენჭოუს მარცხენა ნაწილს მართავდნენ ნიუჭენები, მარჯვენას ხანები. მათ შორის კი ხშირი იყო დაპირისპირება. 1574 წელს ძიენჭოუს მარცხენა მმართველს ძიაო ჩანგს (叫场) და მის შვილს თა ქეშის(塔克世), მარჯვენა მხარის მმართველ ხანელ ლი ჩენგ ლიანგთან (李成梁)მოუვიდათ უთანხმოება, პირველ ეტაპზე ამ დაპირისპირებამ თითქოს მშვიდად ჩაიარა, მაგრამ 1582 წელს მათ შორის ბრძოლა გაჩაღდა და ძიაო ჩანგი და თავისი შვილი თა ქეში ამ ბრძოლაში მოკლეს. ამ ყველაფრის შემდეგ დაიწყო ნიუჭენების ამბოხებები, განსაკუთრებული აქტიურობით კი გამოირჩეოდა თა ქეშის 25 წლის ვაჟი ნურხაჩი(1559-1626), რომელმაც მემკვიდრეობით მიიღო ბაბუამისის პოსტი.

 

შენიშვნები:

მინგის დინასტია ჩინურად ჩაიწერება როგორც 明朝. მინგის დინასტიამ დაამარცხა მონღოლების ანუ იუენის დინასტია და ჩინეთს მართვადა 1368-1644 წლებში. 

იუენის დინასტია ჩინურად ჩაიწერება როგორც 元朝.  ჩინეთის ისტორიაში სულ ორი დინასტია იყო, რომელიც ეთნიკური უმცირესობების მიერ დაარსდა, პირველი მათგანი იყო იუენის დინასტია ანუ მონღოლების დინასტია, (ჩინელები არ ამბობენ რომ მონღოლებმა დაიპყრეს) მეორე კი ჩინეთის უკანასკნელი დინასტია ცინგი, ანუ მანჯურიელების დინასტია. იუენის დინასტიის მმართველობის წლებია 1206-1368.

სუნგის დინასტია ჩნურად ჩაიწერება როგორც 宋朝,სუნგის დინასტია ორ, ჩრდილოეთ და სამხრეთ  სუნგის დინასტიებად იყოფა, მათი მმართელობის პერიოდია 960-1279 წლები.

ძინის დინასტია ჩინურად ჩაიწერება როგორც 金朝(1115-1234). ის მანჯურიელების დინასტია იყო და მინგის დინასტიის დამარცხების შემდეგ სახელი გადაიკეთეს ცინგად. 

ხანის ეთნიკური ჯგუფი ანუ 汉族. როგორც იცით, ჩინელი ხალხი 56 ეთნიკური უმცირესობისგან შედგება, მათ შორის კი ყველაზე მეტნი არიან ხანელები.

მანჯურიელები ჩინურად ჩაიწერება 满族, ისინიც ჩინელი ერის შემადგენელი ეთნიკური უმცირესობაა, მათ ეკუთვნოდა და მათ მიერ იმართებოდა ჩინეთის უკანასკნელი დინასტია ანუ ცინგის დინასტია.

 

გამოყენებული ლიტერატურა:

徐中约,《中国近代史:1600-2000中国的奋斗》,后浪出版公司005-02

稻叶君山:《清朝全史》,上海三联书店出版社,2021年;

常建华:《清朝大历史》,中华书局出版,2020年;

善从:《中国皇帝全传》,中国华侨出版社,2011年。

კომენტარები